პოლიტიკა
თბილისს შტეფან ფულე ეწვევა

1-fule-politiii1თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს, საღამოს, თბილისს ევროკომისარი შტეფან ფულე და საგანგებო საკითხებში უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი ჰელგა შმიდტი ეწვევიან. ისინი მოლაპარაკებებს საქართველოს პრეზიდენტსა და არჩეული მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავენ. საუბრის მთავარი თემა არჩევნების შედეგად მოსული ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობები იქნება.

შტეფან ფულეს ვიზიტის დეტალები ამჟამადაც ზუსტდება. თუმცა, მისი პრესსპიკერ პიტერ სანოს განმარტებით, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და  გაფართოების საკითხებში თბილისში იმისთვის მიემგზავრება, რომ იქ ევროკავშირის საგარეო საკითხთა საბჭოზე გაჟღერებული მნიშვნელოვანი მესიჯები ჩაიტანოს. საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება არჩევნებს საქართველოში და იმედოვნებს, რომ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე მხარე ერთმანეთთან კონსტიტუციის ფარგლებში იმუშავებს და რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება.

პიტერ სანოს განცხადებით, „როცა ევროკომისარი ჩადის ქვეყანაში, ის ხვდება ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ჯგუფსა და დაინტერესებულ მხარეს. ფულეს ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის იმართება არჩევნებიდან ძალიან მოკლე პერიოდსა და რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ  საქართველოს შესახებ დასკვნა მიიღო. ევროკომისარი ფულე თბილისში ჩადის, რათა დაადასტუროს მხარდაჭერა და აჩვენოს, რომ ევროკავშირისათვის საქართველო ნამდვილად მნიშვნელოვანი ქვეყანაა“.