პოლიტიკა
რას გეგმავენ ქართველი მინისტრები

1-ministr-poliii3თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. მოსახლეობა ზამთარში შეღავათიანი კომუნალური ტარიფებით ისარგებლებს, 2013 წლის ბიუჯეტი კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის მიხედვით შეიცვლება. ასეთია ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ნოდარ ხადურის სამომავლო გეგმები. „ძალიან ბევრი ცვლილება გველის, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, როგორც სტრუქტურული, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით. უპირველესად, ეს შეეხება ბიუჯეტს და საგადასახადო სფეროს. რაც შეეხება ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ტარიფებს, თავისთავად ცხადია, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე შესაბამის სამსახურებთან ერთად  და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უკვე მიმდინარე წლის ზამთარში მოსახლეობა საკმაოდ სოლიდურ შეღავათს იგრძნობს“, – აღნიშნა მან.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგიენკოს განცხადებით, საყოველთაო პრიორიტეტი ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად, სამუშაოს მაძიებელთა დასაქმება იქნება. „პირველი პროექტი არის დასაქმება და არა დაუსაქმებლობის გამო შეღავათების მიღება“, – განმარტა მან.

დავით ნარმანია, რომელიც ყველაზე მოკლევადიანი მინისტრი იქნება, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მასობრივ შემცირებებს არ გეგმავს. მისი თქმით, „ყველა ძირითადი პროექტი გაგრძელდება, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, რომლებიც ეხება უკვე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ლაზიკასთან დაკავშირებით... მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ ცვლილებები არ იქნება მასშტაბური და დიდი კატეგორია სამსახურს არ დაკარგავს“.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის მთავარი ამოცანა კი საქართველოში თავისუფალი ბაზრის შექმნაა. „უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიისა და პრიორიტეტების დონეზე კერძო სექტორსა და ეკონომიკაში... ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის თემაც, რომ ოლიგოპოლიზირებული ეკონომიკა გარდაიქმნას თავისუფალ ეკონომიკად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდადატი ხათუნა გოგალაძე მოსახლეობას ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ჰპირდება.

ცვლილებები იგეგმება განათლების სამინისტროშიც. მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის გაუქმებას გეგმავს, გამოცდების ეროვნული ცენტრი კი დამოუკიდებელ სტრუქტურად გარდაიქმნება და შესაძლოა, უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებაროს. მარგველაშვილის განცხადებით, „მანდატური, რომელიც იყო ძალადობის და ზემოქმედების მექანიზმი, ბუნებრივია, ვეღარ იარსებებს. ეს არც არის განსახილველი“.

მაია მიმინოშვილის თქმით კი, ახლო მომავალში გადასაწყვეტი საკითხია მისაღები და გამოსაშვები გამოცდები, რის თაობაზე მსჯელობას იგი მარგველაშვილთან კვლავაც გააგრძელებს.

„ბევრი ვისაუბრეთ და, ალბათ, შევჩერდებით ჩვენთვის მისაღებ მოდელზე, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატუსს შეიცვლის და დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას“, – აღნიშნა მან.