აქტუალური
„ნაცმოძრაობა“ ახალი ტიპის სახალხო პარტიას ქმნის

1-vano-aqtuuu3თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამიერიდან ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს. მოქმედი პრემიერ-მინისტრი გუშინ პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2003 წელს, როდესაც ნაციონალები ხელისუფლებაში მოვიდნენ, პარტიას სწორედ მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ტიპის ოპოზიციის შექმნას გეგმავს და ახალ თანამდებობაზე მერაბიშვილი პოლიტიკური პარტიის რეფორმირებასა და ძირეულ განახლებას გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობა გახდება თანამედროვე, ახალი ტიპის პარტია და ის ჩაუყრის საფუძველს საქართველოში მყარი დემოკრატიის შექმნას, იმიტომ, რომ, როგორც „ნაცმოძრაობამ“ შექმნა ახალი სახელმწიფო, ახლა „ნაცმოძრაობას“ აქვს ამოცანა, შექმნას ახალი ტიპის ოპოზიციური მოძრაობა, და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი და ამოცანა არის და იქნება ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ფასეულობებისა და პრინციპების გატარება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა და რომელსაც უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებს, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა და იქვე დასძინა, –

ეს იქნება ახალი ტიპის სახალხო პარტია, რომელიც დაიცავს და განამტკიცებს  დემოკრატიას საქართველოში“.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილთან ერთად მერაბიშვილი ამ პოლიტიკური ძალის – „ნაციონალური მოძრაობის“ – ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი იყო და პარტიული თანამდებობა 2002-2003 წლებში, ასევე, ოპოზიციურ „ნაცმოძრაობაში“ ეკავა.