აქტუალური
ახალი ფრაქციები პარლამენტში

1-fraqciebi--aqtuuu2თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ დავით საგანელიძის განცხადებით, ახალ პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნება - ბიძინა ივანიშვილი“ სამ ფრაქციას შექმნის: „ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“.

ამასთან, სავარაუდოდ, კოალიციის სამ სხვა სუბიექტს - „კონსერვატორებს“, „მრეწველებსა“ და „ფორუმს“ უპარტიო დეპუტატებიც შეუერთდებიან და შესაძლოა, ამ გზით ფრაქციების რიცხვი კიდევ გაიზარდოს, თუმცა ხელოვნური ფრაქციების შექმნა არ იგეგმება.

რაც შეეხება ოპოზიციაში გადასულ „ერთიან ნაციონალურს მოძრაობას“, ახალ პარლამენტში ისიც რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. ამის შესახებ პარლამენტის ამჟამინდელმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფრაქციათა რაოდენობისა და მათი ხელმძღვანელების თაობაზე პარტიაში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს. ბაქრაძისავე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი ერთი გუნდის ფარგლებში გაერთიანდება, თუმცა იმისათვის, რომ ჰქონდეთ მეტი საპარლამენტო ბერკეტი, მეტი დრო გამოსვლებისა და დებატებისას, გადაწყვეტილება მიიღეს, პარლამენტში რამდენიმე ფრაქციად ჩამოყალიბდნენ, რომელთა სახელწოდებები ჯერჯერობით უცნობია.