პოლიტიკა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს დემოკრატიისაკენ მიმავალმა გზამ უკვე აჩვენა დიდი წარმატება. ეს ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედია. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ ახალი მთავრობის ფორმირებისას“, – აღნიშნა ერიკ რუბინმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვებას და ქართველი ხალხის დიდ წარმატებას იმსახურებს კოალიცია, საქართველოს მოსახლეობა და არა ხელისუფლება, რომელიც იყენებს ძველ საერთაშორისო კავშირებს და ცდილობს, აჩვენოს, რომ სააკაშვილია ისევ დემოკრატიის შუქურა. „მე მათ განვუმარტე, რომ აქ სააკაშვილის როლი არის ნულის ტოლი. მხოლოდ ჩვენი კარგად გათვლილი პოლიტიკით მოხდა ის, რაც მოხდა საქართველოში და ამას ხაზი დამატებით გავუსვი“, – აღნიშნა ივანიშვილმა. მისი თქმით, ერიკ რუბინი კარგად იცნობს საქართველოს, კავკასიას და რეგიონის მომავალიც გააანალიზეს. „შევეხეთ ირანთან დამოკიდებულებას, რთულ სიტუაციას, რაც არსებობს სირიასა და თურქეთს შორის, და დავარწმუნეთ, რომ საქართველო დაიჭერს შესატყვის პოზიციას, ისეთს, როგორც მოუხდება ჩვენს მომავალ სტრატეგიას და როგორც მისაღები იქნება ჩვენი უფროსი პარტნიორებისათვის“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.