საზოგადოება
გამყრელიძე ივანიშვილის მრჩევლად დარჩება

1-gamyre-aqtuuu2თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს და ამის შესახებ დღეს მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, ამირან გამყრელიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შეთავაზებულ თანამდებობაზე უარს ამბობს და ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად დარჩება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

როგორც თავად ამირან გამყრელიძე ამბობს თავის განცხადებაში, მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება მისთვის უდიდესი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იყო. „პირველი შეხვედრისას მე ჩემს თავს უფრო მრჩევლის რანგში მოვიაზრებდი როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და თავს ვიკავებდი თანამდებობაზე დანიშვნისგან ორი მიზეზით – როგორც ძველი მთავრობის ერთ-ერთი სახე და ასაკი. ეს მიზეზები არ იქნა მხედველობაში მიღებული და მე დავთანხმდი შემოთავაზებას მხოლოდ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოების გამო, რამეთუ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის ჯანმრთელობა ბატონი ბიძინას მიერ გამოცხადდა პოლიტიკურ პრიორიტეტად“.

ამირან გამყრელიძის თქმით, პირველ ეტაპზე ვერ გაითვალისწინა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური ინტერესთა კონფლიქტი მის მომავალ პოზიციასა და მისი შვილის თანამდებობას შორის („ალდაგი BCI“-ს გენერალური დირექტორი), ეს არ იყო ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, თუმცა მორალურ უხერხულობას ქმნიდა, რის შესახებაც დაიწერა პრესაშიც. „მას მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები“, – ამბობს გამყრელიძე.

გუშინ კი მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას შემოთავაზებულ თანამდებობაზე, რათა არ იყოს ბარიერი მისი ოჯახის მომავალი თაობის განვითარების გზაზე, ოჯახის, რომლის რეპუტაცია არასოდეს შელახულა.

„ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის ჯანმრთელობა გამოცხადდა ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ პრიორიტეტად, რამეთუ ხელისუფლებაში მოსულ გამარჯვებულ ძალას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ჯანმრთელი და განათლებული საქართველო მთავარი საწინდარია ქვეყნის განვითარებისა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა – ჯანმრთელი საქართველოსთვის“, – ამბობს ამირან გამყრელიძე განცხადებაში.