პოლიტიკა
პრეზიდენტმა „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტზე მერაბიშვილი წარადგინა

1-saak-poliiii2თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გენერალური მდივნის პოსტზე ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გაიხსენა ის მიღწევები, რაც „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში 8-წლიანი ყოფნის პერიოდში განახორციელა.

„პროგრესის მიუხედავად, საქართველოში იყო დიდი უმუშევრობა, დიდი სოციალური გაჭირვება... მართალია, ჩვენ  შევძელით სიღარიბის 2-ჯერ და მეტჯერ შემცირება, მაინც რჩებოდა სიღარიბე და ამის გამო ყველა სახის პოპულიზმისთვის გაჩნდა საფუძველი“, –აღნიშნა მან.

სააკაშვილის განცხადებით, ჩატარებული არჩევნები და შედეგების შემდგომი პერიოდი ქართველი საზოგადოებისთვის – ძალზე მნიშვნელოვანი, ხოლო „პარტიისთვის ეს უნდა იყოს გაწმენდის, კათარზისის, განახლების, ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ოპოზიციაში გადასული „ნაცმოძრაობის“ ამოცანას არ წარმოადგენს ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, საკმარისი ბერკეტები ჰქონდა ძალოვანი მინისტრებისა და სხვადასხვა უწყებაში გავლენის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ მათ ვუტოვებთ არა მხოლოდ ბერკეტებს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურსს, რომელიც ოდესმე ჰქონია საქართველოს უახლეს ისტორიაში“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის განმარტებით, მიუხედავად გამარჯვებულ და დამარცხებულ პრატიებს შორის საქართველოს მომავლის ხედვათა ფუნდამენტური განსხვავებებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაუხარდება ახალი მთავრობის არცერთი მარცხი.

„ეს არის ჩევნი ხედვა, რადგან ჩვენ არ ვართ ქვეყნის ოპოზიცია – ჩვენ სამშობლოს ოპოზიცია ვერ ვიქნებით, ჩვენ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მეორე პოლიტიკური ძალის ოპოზიცია, რაც არის ჯანსაღი პროცესი, უპირვერლესად, იმ პოლიტიკური ძალისათვის, რომელიც საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით მოვიდა“, – განმარტა მან და იქვე დასძინა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში გაწევრებას ინსტიტუციური ფორმა უნდა მიეცეს.

„ჩვენ ვართ არა პიროვნებებზე, არამედ იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაცია და გვინდა, ბევრი ახალი კადრი მოვიდეს, რათა ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს დამოუკიდებლობის, თითოეული ოჯახის სარგებლის მოტანისა და საქართველოს განვითარების იდეა კვლავაც გაგრძელდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.