სამართალი
კბილაშვილი პროკურატურაში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრობს

1-kbila-samarTaaa1თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. გენერალური პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პროკურატურაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა: პროკურატურის როლზე, მის ინსტიტუციურ ფუნქციაზე სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში.

მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში პროკურატურა დე ფაქტო და დე იურე აღმასრულებელ ხელისუფლებას ექვემდებარება, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ამასთან, უნდა აღდგეს გენერალური პროკურატურა. გენპროკურორის დანიშვნა მოხდეს პრეზიდენტის ან პრემიერის წარდგენით პარლამენტის თანხმობით, განისაზღვროს თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მისი თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმად გამოყენებულ იქნეს იმპიჩმენტის წესიც, როგორც ეს ადრე იყო.

კბილაშვილის თქმით, პროკურატურა უნდა გახდეს სასამართლო ხელისუფლების ნაწილი.

კბილაშვილს მნიშვნელოვან სიახლედ ესახება ის, რომ გენერალური პროკურატურა დაკავდეს უკვე დასრულებული, მაგრამ საზოგადეობისათვის არასამართლიანი განაჩენის განცდის მქონე საქმეების შესწავლის უფლებამოსილებით.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება იმ საქმეთა გამოძიება და დასრულება, რომელთა მიმართაც საზოგადოებას აქვს კითხვები, მაგალითად, პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტი; რობაქიძის, გირგვლიანის საქმეები. მით უმეტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოდან პირდაპირი მითითებაა, სახელმწიფომ აწარმოოს გირგვლიანის საქმის გამოძიება.

ამასთან, ბიზნესი არ უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოების რეპრესიის საგანი. „პროკურატურას ბიზნესთან და ბიზნესმენებთან არაფერი ესაქმება“, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.