ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილებები შევა
თბილისი, 15 ოქტომბერი,
საქინფორმი. გამარჯვებული პარტია ამნისტიის შესახებ კანონის შესაცვლელად ემზადება. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატ ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის პირველსავე სხდომაზე ამ კანონში ცვლილებების ინიცირება მოხდება. ბესელიას განმარტებით, ცვლილებები საკმაოდ ბევრ მუხლს შეეხება.
„ამნისტია – ესაა ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი უნდა გახდეს იმ ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნება, ვისი ციხეში ყოფნაც არ არის გამართლებული, არც კანონის მოთხოვნათა დაცვით და არც სამართლიანობიდან გამომდინარე. ჩემი მოსაზრებით, ეს ამნისტია უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო და ბევრი მუხლის მომცველი, რომ შეეხოს რეალურად იმდენ ადამიანს, რამდენიც უნდა დაბრუნდეს ამ ეტაპზე საზოგადოებაში. და არ უნდა იყოს იმ ამნისტიის მსგავსი, როგორიც ბოლო დროს გამოსცა სააკაშვილმა“, – აღნიშნა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.