სამართალი
ხიდაშელი პროკურატურასთან ერთად იმუშავებს

1-Tina-samartaaaa1თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში თინა ხიდაშელი სამუშაო პროცესის წარმართვას ორი ფორმატით გეგმავს. მისი თქმით, კომისია საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში გამოვლენილ ყველა კანონდარღვევას შეისწავლის და, ასევე, პროკურატურასთან ერთად იმუშავებს სისხლის სამართლის დანაშაულთა მოკვლევა-მოძიებაზე.

„პროცესი ორი ფორმატით უნდა წარიმართოს, ერთი იქნება წმინდა სისხლის სამართლის  საქმეთა მოძიება, რაც პროკურატურის საქმეა, და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრები უმაღლესი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ საქმეებს, და, მეორე მხრივ, ის დანაშაულები, რომლებიც საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში ხდებოდა“, – განაცხადა ხიდაშელმა. მისივე განმარტებით, ეს დანაშაულები მნიშვნელოვან პოლიტიკურ შემადგენელს შეიცავს და ამიტომ აუცილებელია ამ თემებზე  ღია საჯარო საუბრების გამართვა.