საზოგადოება
არჩევნების შემდგომი პროცესები და სამომავლო პერსპექტივები

1-konferenc-sazogaaa2თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დიპლომატებს ხვდებიან. როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში და რა გეგმები აქვთ არჩევნებში გამარჯვებულ და დამარცხებულ პარტიებს, ამ თემებზე დილიდან თბილისში ევროკავშირის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრაზე მსჯელობენ.

ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის წარმომადგენლები დღეს გამარჯვებული პარტიისა და ოპოზიციაში წასული მმართველი გუნდის ხედვებს მოისმენენ. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ერთმანეთის გვერდითა და პირისპირ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დასხდებიან და ისაუბრებენ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ დავით უსუფაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას მიესალმება: „პარლამენტის პირველ  სხდომის ჩატარებამდე უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალების მონაწილეობით, რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების მონაწილეობით, რაკი  ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ამ ქვეყანაში სწორედ დემოკრატიის განვითარებაა”.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ კი აღნიშნა: „ყოველთვის მნიშვნელოვანია, თვალი გადავავლოთ განვლილ პერიოდს და ვიმსჯელოთ მომავალზე, თუ ვინ რას აპირებს, რა მიდგომები გვექნება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ძალიან აქტიური, კონსტრუქციული ოპოზიცია“.