თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ დროისათვის განმეორებითი არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. გორის, ხაშურისა და სიღნაღის ოლქებში ამ შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა გაიმარჯვეს. 9 უბანზე კენჭისყრა გაიმართა ხაშურის ოლქში, თითო-თითო უბანზე კი – გორსა და სიღნაღში.
ცესკოს მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გორის უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა – ხმათა 91.9%, ხოლო გიორგი ტატიშვილმა „ნაცმოძრაობიდან“ ხმების 7.41% მიიღეს.სიღნაღში უპირატესობა, ასევე, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გელა გელაშვილს მიენიჭა. მან ხმების – 85.97%, მისმა მეტოქემ კი „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილმა ხმების 14.03% მიიღო.
ხაშურის მაჟორიტარულ არჩევნებში ვალერი გელაშვილმა ხმების 93.6% მიიღო, „ნაცმოძრაობის“ წევრმა სერგო ქიტიაშვილმა კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ოლქების მიხედვით კი, 1 ოქტომბრის არჩევნებისა და გუშინდელი არჩევნების წინასწარი ჯამური შედეგები ასეთია:
გორი – ვახტანგაშვილი („ქართული ოცნება“) – 47.43%, გიორგი ტატიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“) – 46.19 %;
სიღნაღი – გელა გელაშვილი („ქართული ოცნება“) – 49.01%, ლევან ბეჟაშვილი – 47%;
ხაშური – ვალერი გელაშვილი - 57.75 %.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ განმეორებითი არჩევნები სამ რეგიონსა და 11 საარჩევნო ოლქში გუშინ, 14 ოქტომბერს, გაიმართა.