აქტუალური
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთაშორისო მოლაპარაკებებში ერთვებიან

1-brius-aqtuuu2თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. 19 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებებზე  ქართული დელეგაცია ბრიუსელში ხვალ გაემგზავრება. ამ დღეს ბრიუსელს  საგარეო საქმეთა სამინისტროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, იუსტიციისა და შს სამინისტროების წარმომადგენლები ეწვევიან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი დავით ზალკანიანი  „ქართული ოცნებიდან“.

ბრიუსელში ქართული დელეგაცია ევროგაერთიანების წამომადგენლებს პირისპირ შეხვდებიან და კონკრეტულად მათ უწყებებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებენ.

უკვე ცნობილია შეხვედრაზე განსახილველი  საკითხები. საუბარი შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, მიმდინარე რეფორმებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, კონფლიქტების დარეგულირების საკითხს. საქართველო-ევროკავშირის კომიტეტის სხდომაზე განიხილება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების თემა.

დავით ზალკანიანის განცხადებით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის დაახლოებისა და საქართველოში ძალაუფლების ტრანზიციის პროცესისთვის. „ტრანზიციის პროცესმა არანაირად არ უნდა შეაჩეროს ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ფარგლებში. მივემგზავრები იმისთვის, რომ სრულყოფილად მივიღო ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების შესახებ“.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძის თქმით, „ამ შეხვედრის თავად იდეა და მიზანია, გავააქტიუროთ მუშაობა იმისათვის, რომ გაისად ვილნიუსის სამიტისათვის შესრულებული იქნეს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს“.