პოლიტიკა
სვეტიცხოვლობა

1-sveticx-poli2-religi1თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. 14 ოქტომბერს საქართველოში, მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის ქრისტიანული დღესასწაული იმართება.  ეს გახლავთ დღესასწაული „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. „დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ დიდსა სვეტსა, სვეტიცხოველსა. ამ ტაძარში ცრემლით ულოცია ჩვენს მეფეებს, პატრიარქებს, საქართველოს მკვიდრ ყველა ადამიანს. ჩვენს აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი მისი მშვიდობით“, – აღნიშნა პატრიარქმა და მრევლს მოუწოდა ძნელბედიანობის ჟამისთვის განსაკუთრებული ლოცვა – „მოწყალებისა კარი განგვიღე“ – წარმოეთქვა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელს უფალი უგზავნის იმსას,  რომელიც უყვარს და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული მადლი მიანიუჭა უფალმა. რომელი ქვეყანაა ისეთი, რომ ამდენი სიწმინდე ჰქონდეს?“ – ბრძანა პატრიაქრქმა.

ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი,  მცხეთაში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო. სვეტიცხოველში იგი ოჯახის წევრებსა და თანაგუნდელებთან ერთად მივიდა. მან სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილ მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა და ქვეყნის წარმატება და წინსვლა უსურვა.

სვეტიცხოვლობაზე  იმყოფებოდნენ პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და თბილისის მერი გიგი უგულავა.

ეს დღე საქართველოს პირველი ქრისტიანი დედოფლის ნანას, სახელობის დღეა. ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას, გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა სიდონია კვართითურთ დაკრძალა. მის საფლავზე მშვენიერი ხე ამოსულა. ეს ხე ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან შვიდი სვეტი დაუმზადებიათ, მხოლოდ ერთი სვეტი ვერ აღუმართავთ სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი. იგი მხოლოდ წმიდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. სწორედ აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში სუფრას შლიდნენ და პურობა იმართებოდა.