სამართალი
„თბილისის მიკროავტობუსი“ მოსახლეობის ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს

1-marSrutka--samarTaaaa3თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მოსახლეობისა და სამარშრუტო მძღოლების პრეტენზიები „თბილისის მიკროავტობუსის“ წინააღმდეგ.

როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნა, ეს კომპანია ვერ უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას და სთხოვს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს, გაერკვეს სატენდერო პირობებსა და თავად ტენდერში, რომელიც საკმაოდ ბევრ ეჭვს შეიცავს.

მჟავანაშის თქმით, „გაზრდილი ფასები არ ასახავს იმ რეალობას, რაც მოცემულია სატენდერო პირობებში. კომპანიის მფლობელ ძმებ შარანგიებს „ნაცმოძრაობამ“ განსაკუთრებული სასათბურე პირობები შეუქმნა. ამ ჯიბის ბიზნესმენებმა კი ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს დედაქალაქის მოსახლეობას“.

როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, მძღოლები მონურ მდგომარეობაში არიან: „შარანგიებს მხოლოდ „ნაციონალთა“ აქციებზე ხალხის უფასოდ გადაყვანა შეუძლიათ, დღეს ეს დრო დამთავრდა. მერიას მოვუწოდებთ, ახალ კომპანიასთან დაიდოს ხელშეკრულება“.

რობერტ იანტბელიძე, „მძღოლი, გზა, სამართლის“ პრეზიდენტი, აღნიშნავს, რომ 20 ოქტომბერს მძღოლების ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. მისი თქმით, კომპანიის მუშაობის პრინციპი – ყოველდღიური გარკვეული შენატანი და მანქანის შესაკეთებელ ყულაბაში თანხის ჩადება – მძღოლებს აუტანელ პირობებს უქმნის.

მჟავანაძე კი დასძენს: „თუკი არ უნდა მერს, თავისი პოსტი ნაადრევად დატოვოს, გაითვალისწინოს დედაქალაქის მოსახლეობისა და მძღოლების  ინტერესები“.