„ევროატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია“
თბილისი, 12 ოქტომბერი,
საქინფორმი. „ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვინც უნდა იყოს მთავრობაში, ამ კურსს არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ აღარ უნდა გავაჭიანუროთ არჩევნების შედეგების საბოლოო დაზუსტება, აღარ უნდა გავაჭიანუროთ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი“ , – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ანდერს ფოგ რასმუსენმა იგი პირადად მიიწვია პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარდგება.
ქვეყნის მეთაურის შეფასებით, დემოკრატიულად გამართული არჩევნების შემდეგ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და ახლა ქვეყანას აქვს შანსი, სერიოზულად წაიწიოს წინ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ თემაზე მან პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთანაც ისაუბრა და იქვე დასძინა, რომ ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად აუცილებელია გამარჯვებულ კოალიციასთან თანამშრომლობა. „დეკემბერში დაგეგმილია მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება, მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვმართებს ერთად მუშაობა და ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატსაც ვესაუბრე... პოლტიკოსები უნდა მიხვდნენ, რომ საარჩევნო კამპანია დამთავრდა, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მოვეშვათა საარჩევნო რიტორიკასა და აგრესიას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.