თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველო“ საქინფორმს ატყობინებს, პარტია მზადაა, თავისი საქმიანობა წარმართოს ახალ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ რეჟიმში, რის შესახებაც განცხადებას ავრცელებს:
„1-ლი ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა სრულიად ახალი პოლიტიკური ვითარება. მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, რაც მეტად პოზიტიური მოვლენაა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.„თავისუფალი საქართველო“ სრულად იზიარებს იმ სიხარულს, რაც ქართველ საზოგადოებაში ქვეყანაში განვითარებულმა ცვლილებებმა გამოიწვია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველო რეალურად შეუდგება დემოკრატიული განვითარების გზას, მოხდება ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და დარეგულირდება ურთიერთობები მეზობლებთან. მნიშვნელოვანია, მოხდეს უმძიმესი სოციალური ფონის გამოსწორება, რაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ მემკვიდრეობით ხვდა „ქართულ ოცნებას“; შეიქმნას სამუშაო ადგილები და მოგვარდეს ჯანდაცვის, განათლების ადა სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული პრობლემები. საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს პენიტენციარულ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს იქ არსებული განუკითხაობის აღმოფხვრა. აუცილებელია, მიეხედოს იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც სრულიად გაუსაძლის მდგომარეობაში იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. ასევე, მნიშვნელოვანია, დაიწყოს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი თანამოქალაქეების ინტეგრაციის რეალური პროცესები დანარჩენ საზოგადოებასთან და მათ მიეცეთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება.
მზად ვართ, ჩვენი საქმიანობა წარვმართოთ ახალ ხელისუფლებასთან კონსტუქციულ რეჟიმში, რაც გულისხმობს, რომ მხარს დავუჭერთ „ქართული ოცნების“ ყველა ინიციატივას, რომელსაც სასიკეთოდ მივიჩნევთ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო განსხვავებული პოზიციების არსებობის შემთხვევაში, ასევე, შევთავაზებთ ჩვენს წინადადებებს ახალ ხელისუფლებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელსაც ჯერ კიდევ რჩება გარკვეული ბერკეტები, ვერ მოახერხებს ახალი ხელისუფლებისთვის ხელის შეშლას. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება სამართლიანობის განცდა და ყველა ის დანაშაული, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წლების განმავლობაში იქნა ჩადენილი, იქნება ობიექტურად გამოძიებული და დამნაშავეები წარდგებიან თავისუფალი სასამართლოს წინაშე“.