საზოგადოება
„ნაცმოძრაობას“ ტოვებენ

1-sakrebulo-sazooo3თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთმა წევრმა პარტია დატოვა და დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნა სახელწოდებით „თავისუფლება“. საკრებულოს დეპუტატები გიორგი ნემსაძე, მერაბ რაფავა, მიხეილ ქავთარაძე, ირაკლი შიხიაშვილი და ზაურ დოლიძე „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ. როგორც თავად ამბობენ, ისინი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს შეუერთდნენ და სწორედ ამიტომ გადავიდნენ კოალიციაში. ამჟამად თბილისის საკრებულოში 49 წევრი და 4 ფრაქციაა: „ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „თბილისი“, რომელიც დაკომპლექტებულია „ქართული ოცნებით“ და ახლად ჩამოყალიბებული „თავისუფლება“.

„ნაცმოძრაობაში“ უამრავი ღირსეული ადამიანია, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, და საკრებულოში დაწყებულია „ნაცმოძრაობის“ შეუქცევადი რღვევა. ჩვენ მზად ვართ, მუდამ ღია გვქონდეს მათთვის კარი. ამ გადაწყვეტილებით წერტილი დაესმება მერიის განუსაზღვრელ ძალაუფლებას, რომელიც ფასადური მატერიალური სიკეთეების დემონსტრირების გარდა, მონაწილეა იმ შემზარავი სისასტიკის დანერგვისა, რომლის წინააღმდეგაც ხმა აიმაღლა ქალაქ თბილისის მოსახლეობამ მთელ ქართველ ერთან ერთად და არჩევნების გზით ისტორიის სანაგვეს გაატანა მათი ხელისუფლება“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

მერაბ რაფავას განცხადებით,  „ნაცმოძრაობისგან“ მისი გამიჯვნა განაპირობა დარწმუნებამ იმაში, რომ „საბოლოო ჯამში, მთლიანად „ნაცმოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნო კამპანია აგებული იყო ოპონენტის მიმართ ზიზღის გაღვივებასა და მოსახლეობაში სიძულვილის დანერგვაზე“.