პოლიტიკა
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება

1-jafariZe-poliii3თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში რუსეთთან  დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღადგენს, თუმცა მოლაპარაკებები მაინც დაიწყება. არჩვენებში გამარჯვებული კოალიციის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მეზობელთან მოლაპარაკებები აუცილებელია, თუმცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ამით არ შეიცვლება და ძირითად პრიორიტეტად კვლავ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაცია დარჩება.

„კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება  კვლავ ევროატლანტიკური ინტეგრაცია,  ევროკავშირთან ურთიერთობები იქნება. რეგიონში მდებარე უახლოეს მეზობელთან – რუსეთთან, უნდა შევძლოთ რაღაც გარკვეული დიალოგის აღდგენა, რათა მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც დღეისათვის ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განმარტა თედო ჯაფარიძემ.