აქტუალური
პენსიების ზრდის მოლოდინში

1-gamyre-aqtuaaa2თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატ ამირან გამყრელიძის განცხადებით, პენსიები შრომისუნარიანი მამაკაცისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. ამ ეტაპზე არსებული ფინანსები მეტის საშუალებას არ იძლევა.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ პირველ ეტაპზე იმ საარსებო მინიმუმამდე მიახლოებას, რომელიც დღეს არის შრომისუნარიანი მამაკაცისთვის დადგენილი, თუ არ ვცდები, 155 ლარია დღეს, ამისკენ უნდა ვისწრაფოთ. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს დამოკიდებულია 2013 წლის ბიუჯეტზე, რამდენად პრიორიტეტული იქნება 2013 წლის ბიუჯეტის სოციალური სფერო, ამ სამინისტროს კომპეტენციები. აქედან გამომდინარე, ამ გზით უნდა ვიაროთ, მაგრამ კონკრეტულ თარიღს – როდის რამდენი იქნება, ვერ ვიტყვით, მაგრამ ზრდა რომ იქნება და რომ ვივლით ზრდისკენ, ეს ერთმნიშვნელოვნად შემიძლია დაგიდასტუროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რამდენიმე დღეა, ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროში სტრუქტურის მუშაობასა და დაფინანსების წყაროების ინფორმაციებს ეცნობა. მისი თქმით, სამინისტროში ბოლო წლების განმავლობაში შრომის კომპონენტი დასუსტდა, რაც შესაცვლელია. მინისტრობის კანდიდატი ინიციატივით გამოდის, დაუსაქმებელი ადამიანებისთვის კომპენსაციების გაცემის პროექტზე დაიწყონ მუშაობა, ასევე, შეიცვალოს შრომის კოდექსი, რომელიც, მისი აზრით, დასაქმებულის ინტერესებს არ ითვალისწინებს.