სამართალი
მერიის სიურპრიზი დაცვის პოლიციელებს

1-dacva-samarTaaa3თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. დაცვის პოლიციელთა ცნობით, დღეს დილით მათთან მერიის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც განუცხადეს, რომ ახლად შექმნილ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში უნდა გადასულიყვნენ, თუ არადა, სამსახურს დატოვებდნენ. 
როგორც თავად სამსახურიდან გათავისუფლებული დაცვის პოლიციის თანამშრომლები ჰყვებიან, მათ ეს წინადადება არ მიიღეს, რადგან სახელმწიფო სამსახურიდან კერძო სამსახურში გადასვლა არ სურთ. შედეგად, 700-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დაცვის პოლიციის სამსახურიდან გათავისუფლებული 150-მდე თანამშრომელი ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფება და დახმარებას არჩევნებში გამარჯვებულ კოალიციას სთხოვს.

შეკრებილი რიგითებისა და ოფიცრების  განმარტებით, წლების განმავლობაში ემსახურებიან ქვეყანას და უმწიკვლოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. „დღეს უგულავას რაღაც სამოქალაქო კერძო სამსახური შემოგვთავაზეს. გვპირდებიან ხელფასს, არ ვიცით, რამდენ ხანს იარსებებს და როგორ იქნება, ჩვენ არ ვაპირებთ გიგი უგულავასთან მუშაობას არც ამ ეტაპზე და არც მომავალში“, – აცხადებენ კოალიციასთან შეკრებილი დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

მათი განმარტებით, შსს უწყებაში ზოგს საკმაო სტაჟი აქვს, ზოგი დამსახურებულ პენსიას ელოდება, ბანკის ვალები აქვთ. ახალ სამსახურში კი სთავაზობენ სამუშაოს როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ამით ისინი კარგავენ იმ სტაჟს და წლებს, რაც იმსახურეს.

ამ წუთებში ისინი შსს მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღაიბაშვილს ელოდებიან და მასთან შეხვედრა და პირადად გასაუბრება სურთ.