სამართალი
თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბიძინა ივანიშვილის სარჩელი მისთვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი შალვა თადუმაძე ავრცელებს. მისივე თქმით, ეს პოზიტიური სიგნალია, რადგან უზენაესმა სასამართლომ სარჩელი იმის მიუხედავად მიიღო, რომ აქამდე მსგავსი რამ არ მოუმოქმედებია.
შეგახსენებთ, რომ კოალიციის ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით ჩამოერთვა. თავის სარჩელში მომავალი პრემიერ-მინისტრი ამ განკარგულების ბათილად ცნობას მოითხოვს.უწინ, 29 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ივანიშვილის სარჩელი მისთვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე, თუმცა, ამავე დროს, ბათილად ცნო სააკაშვილის განკარგულების ის ნაწილი, რომელიც კოალიციის ლიდერის მეუღლის – ეკატერინა ხვედელიძისთვის, მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებდა და მას საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინა.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ივანიშვილს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო (თუმცა ამ უფლებით არ უსარგებლია), რადგან საქართველოს კონსტიტუციაში 2011 წლის მაისში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობენ, აქვთ აქტიური და პასიური საამომრჩევლო უფლება. მათ, ასევე, შეუძლიათ იმუშაონ ხელმძღვანელ სახელმწიფო თანამდებობებზე.