რა მოხდა შემდეგ, რატომ გაუშვა ეს შანსი ხელიდან შევარდნაძემ - ანდა რატომ აიძულეს იგი, უარი ეთქვა დაწყებულ დიალოგზე და ამის ნაცვლად მთლიანად გადართულიყო დასავლეთთან ანტირუსულ დაახლოებაზე, ნატო-ს რიგებში შესვლის მოთხოვნის ჩათვლით, ჯერ კიდევ გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია (თუმცა ამის მიხვედრა ისედაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს). ჩვენ დავუბრუნდებით ხოლმე ამ თემას, ასევე შევეცდებით, გამოვაქვეყნოთ 15 წლის წინანდელი თბილისის ამბების ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა. ამჯერად კი მკითხველებს წარმოვუდგენთ იმდროინდელი ოფიციალური ქართული წყაროების ცნობებს, რომლებიც ავიღეთ 1997 წლის 15 და 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკიდან“.
მოლაპარაკება აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე
14 აგვისტოს თბილისს სამუშაო ვიზიტად ეწვია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი. მასთან ერთად, აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებიდან გასული ხუთი წლის მანზილზე პორველად საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა ვლადისლავ არძინბა. იმავე დღეს მთავრობის რეზიდენციაში სტუმრები მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. იქვე, რეზიდენციაში დაიწყო მოლაპარაკება აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე. მოლაპარაკებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვაჟა ლორთქიფანიძე და სხვა ოფიციალური პირნი. აფხაზთა მხრიდან - სერგეი შამბა და ანრი ჯერგენია.
მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ცალ-ცალკე, პირისპირ შეხვდა ვლადისლავ არძინბასა და ევგენი პრიმაკოვს. პარალელურად გაიმართა დელეგაციებს შორის როგორც ორმხრივი, ისე სამმხრივი დაძაბული და ინტენსიური კონსულტაციები.
გვიან საღამოს, თითქმის ცხრასაათიანი დაძაბული და ინტენსიური მოლაპარაკების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და აფხაზთა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ მოკლე განცხადებები გააკეთეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მოლაპარაკება ღამეც გაგრძელდება, 15 აგვისტოს კი მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებულ განცხადებას.
„მიმაჩნია, რომ ჩვენი ხალხების ცხოვრებაში ძნელბედობის ჟამს ეს დიდი მოვლენაა. ჩვენი საუბარი სრულიად გულახდილი, პატიოსანი და სასარგებლო იყო“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა.
„ჩვენ ჩამოვედით ჩვენი ისტორიის ძალზე მნიშვნელოვან, პასუხსაგებ და მძიმე დღეს. ჩამოვედით იმისათვის, რომ ბოლო მოვუღოთ კონფრონტაციას და მოვძებნოთ ურთიერთგაგების გზები. ამ თვალსაზრისით აქ გამართული საუბრები და მოლაპარაკებები გარკვეულ ოპტიმიზმს გვინერგავს“, - განაცხადა ვლადისლავ არძინბამ.
14 აგვისტო - ხუთი გრძელი წელიწადია, ეს თარიღი სრულიად საქართველოს ცნობიერებაში მოძმე ქართველთა და აფხაზთა სორის სისხლიანი დაპირისპირების დაწყებასთან არის დაკავშირებული.
ის, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს ტრაგედიიდან ზუსტად ხუთი წლისთავზე მოხდა, არათუ შემთხვევითი მოვლენაა, არამედ ყველაზე ძლიერი და მტკიცე ლოგიკის - სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ლოგიკის შედეგია. „ჩამოვედით, რათა ბოლო მოვუღოთ კონფრონტაციას“, - ეს სიტყვები ვლადისლავ არძინბამ სწორედ საქართველოს დედაქალაქში, სწორედ 14 აგვისტოს წარმოთქვა.
იქნებ, მართლაც დაიწყოს დასასრული...
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.
დოკუმენტი: განცხადება ქართველთა და აფხაზთა მხარეების შეხვედრის შესახებ
(ქ. თბილისი, 1997 წლის 14 – 15 აგვისტო)
მხარეები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ქ.თბილისში ვ.არძინბას მეთაურობით აფხაზთა დელეგაციის ჩამოსვლა და მისი მოლაპარაკება ე.შევარდნაძის მეთაურობით საქართველოს დელეგაციასთან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ე.პრიმაკოვის მონაწილეობით, უდავოდ, დადებით იმპულსს მისცემს მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესს.
შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს რუსეთის ფედერაციის როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებაში, რაც ნათლად გამოვლინდა ამა წლის 1 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბ.ელცინის ინიციატივაში.
აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედების დაწყების წლისთავზე, 1997 წლის 14 აგვისტოს, ქართულ და აფხაზურ მხარეთა წარმომადგენლები აცხადებენ თავიანთ გადამწყვეტ მზადყოფნას, ბოლო მოუღონ კონფლიქტს, რომელმაც ისინი გამიჯნა და აღადგინონ მშვიდობიანი ცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის დამოკიდებულება.
მხარეები დარწმუნებული არიან, რომ მოვიდა დრო, დაადგნენ მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზას, ღირსებისა და ურთიერთშემწყნარებლობის გრძნობით ერთად იმოქმედონ კომპრომისისა და შერიგების სულისკვეთებით.
მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, არ გამოიყენონ იარაღი იმ წინააღმდეგობათა გადაწყვეტისათვის, რომლებიც მათ ჰყოფ, და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან სისხლისღვრის განახლება. ნებისმიერი უთანხმოებანი გადაწყდება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებებით, მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით, როგორც ორმხრივ საფუძველზე, ისე რუსეთის ფედერაციის დახმარებითა და შუამავლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
აღინიშნა, რომ მოხერხდა შეთანხმებათა მიღწევა მოწესრიგების მთელ რიგ საკვანძო პრობლემებზე. ამავე დროს, ზოგიერთი საკითხის გამო, დღემდე არსებობს აზრთა არსებითი სხვადასხვაობა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია მუდმივი კონტაქტები იქონიონ კონფლიქტით წარმოშობილ პრობლემათა გადაჭრის მიზნით.
საქართველოს მხარის სახელით -
ე.შევარდნაძე
აფხაზთა მხარის სახელით -
ვ.არძინბა
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე მხარეებმა კომენტარები გააკეთეს:
ე.შევარდნაძე: „ამ შეხვედრებს დავარქმევდი დიდ პოლიტიკურ მოვლენას, რომლის მთავარი შედეგი ჩვენს შორის არსებული უმძიმესი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაა…. [ეს დოკუმენტი] კარგ საფუძველს შექმნის მომავალი წინსვლისათვის ორი ხალხის - ქართველებისა და აფხაზების შერიგების გზაზე. იგი ჩვენს ურთიერთობაში საეტაპო დოკუმენტია... გაიმართა უაღრესად საქმიანი და პრინციპული საუბარი, რომელმაც სრული გულახდილობის ატმოსფეროში ჩაიარა. მის შედეგად გადადგმულია ძალზე საჭირო ნაბიჯი იმ ნდობის განსამტკიცებლად, ურომლისოდაც შეუძლებელია კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგება“. [ე. შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ შედეგებში, რომლებსაც მხარეებმა მოლაპარაკებაზე მიაღწიეს, დიდია ევგენი პრიმაკოვისა და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის წვლილი, რომელმაც წამოაყენა შეხვედრის ინიციატივა].
ვ.არძინბა: «[ედუარდ შევარდნაძესთან პირისპირ მოლაპარაკება] ძალზე საჭირო იყო აფხაზთა და ქართველთა შორის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, ჩვენს შორის გაიმართა პრობლემათა ნაყოფიერი განხილვა, რომელმაც უაღრესად კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა... ადრე თუ გვიან ჩვენ აუცილებლად მოვძებნით ყველა პრობლემის გასაღებს, მათ შორის, ომისგან დაზარალებული ადამიანებისათვის ნორმალური ცხოვრების აღდგენისა და მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას“.
ე.პრიმაკოვი: „რუსეთი მიდის იმ კურსით, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. რუსეთს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს... სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ყველა საკითხში შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მუდმივი კონტაქტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წინსვლას ამ შეთანხმებებისაკენ“.
საინტერესოა აგრეთვე ზოგიერთი სხვა გამოხმაურება საქართველოში. ასე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ დადებითად შეაფასა შევარდნაძე - არძინბას შეხვედრის შედეგები: სააგენტო ინტერფაქსს მან განუცხადა - „მიმაჩნია, რომ თბილისის შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებათა პროცესი გააქტიურდება“. ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ, რომელიც შემდგომ წლებში ლამის საქართველოს პირველ „რუსოფილად“ მოგვევლინა, თავის მიერ მოწვეულ ბრიფინგზე არძინბას ვიზიტი შეაფასა, როგორც „იურიდიულად და მორალურად გაუმართლებელი“.
მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა: აშშ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დაუყოვნებლივ გამოუგზავნა წერილი ედუარდ შევარდნაძეს, რომელშიც მხარი დაუჭირა მის მცდელობებს, კონფლიქტი დაერეგულირებინა რუსეთის დახმარებით: „გაერომ, რომელიც უნდა დაეყრდნოს რუსეთის შემდგომ ძალისხმევას, ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს სამშვიდობო პროცესში. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ელცინის 1 აგვისტოს განცხადება აფხაზეთის თაობაზე შეიცავს პრინციპებს, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ჭეშმარიტი პროგრესის საფუძვლად გამოდგება“. ამასთან კლინტონი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მოითხოვოს კონფლიქტის ზონიდან დსთ-ს სამშვიდობო ძალების გაყვანა - იტყობინებოდა შევარდნაძის პრესსამსახური...
ამ დროს კი თბილისში უკვე იმყოფებოდა ამერიკელი სენატორი მიჩ მაკკონელი, რომელიც ასევე მიიღო პრეზიდენტმა შევარდნაძემ. მაკკონელმა მოინახულა ზუგდიდი, სადაც „ამ რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებით დაინტერესდა“ - იუწყება 1997 წლის 16 აგვისტოს „საქართველოს რესპუბლიკა“. შემდეგ გაზეთი განაგრძობს: „ამერიკელი სენატორის განცხადებით, იგი მხარს უჭერს აფხაზეთში საერთასორისო სამშვიდობო ძალების განლაგებას, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს. იმისათვის, რომ აფხაზეთში დსთ სამშვიდობო ძალებად წოდებული რუსეთის შენაერთები, საერთაშორისო ძალებით შეიცვალოს, საჭიროა საქართველოს პრეზიდენტმა ამ სურვილით აშშ მთავრობას მიმართოს, რომელიც, როგორც ირკვევა, მზად არის, მხარი დაუჭიროს კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და მის ნაცვლად საერთაშორისო ძალების შემოყვანას“.
პოლიტიკურ ლექსიკონში ამგვარ რამეს პროვოკაცია ეწოდება. საბოლოოდ შევარდნაძე წამოეგო კიდეც, ამერიკელების პროვოკაციებს.
ევრაზიის ინსტიტუტი
საქინფორმის ფოტოარქივიდან: ვლადისლავ არძინბას, ევგენი პრიმაკოვის, ედუარდ შევარდნაძისა და არძინბას საფლავის შეხვედრის უნიკალური კადრები არძინბას მშობლიურ სოფელში – სოხუმის რაიონის სოფელ ქვედა ეშერაში.