აქტუალური
„ქვეყნის პარლამენტი ასეთ დარბაზში არ უნდა იჯდეს“

1-parlam-aqtuuu2თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის გამართავამდე რამდენიმე დღე რჩება. საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომისათვის შენობის მზაობის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფი მიავლინა.

მშენებლობაზე დასაქმებულები მშენებლობის ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, შენობის დამპროექტებლებს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ მხედველობიდან.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები – დეპარტამენტები და განყოფილებები ვერანაირად ვერ თავსდება გამოყოფილ ფართში.

მიმიდინარე კვირას უნდა დასრულდეს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა გადასვლაც. დასაქმებულთა განცხადებით, ფინანსურად არაფერი შეცვლილა – პირიქით, გაუარესდა, რადგანაც, სოციალური თვალსაზრისით, უამრავი პრობლემა დახვდათ – თუნდაც საკუთარი სახსრებით ბინების დაქირავება.

პარლამენტის აპარატის თანამშრომელი ნუგზარ ლომიძე ამბობს, რომ პარლამენტის ტექნოლოგიით განსაზღვრული ბიუროს, კომიტეტების, ბრიფინგების დარბაზები მზად არ არის და უახლოეს ხანში ვერც მოესწრება. მისი თქმით, სხდომათა დარბაზი არის კარგი „სასტუდენტო აუდოტორია, სადაც ჩაატარებ ლექციას, თორემ ქვეყნის პარლამენტი ასეთ დარბაზში არ უნდა იჯდეს“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს და პირველ სხდომას ქუთაისში ჩაატარებს, მაგრამ შესაძლოა – არა პარლამენტის შენობაში, რადგან კონსტიტუციაში კონკრეტული ადგილი მითითებული არ არის. მისი თქმით, სამუშაო პირობების გარდა, პარლამენტარებისთვის ელემენტარულად ოთახები, მოსასვენებელი პირობები გათვალისწინებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის 2012 წელს მიღებული რეგლამენტის თანახმად, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან ამოქმედდება, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე.