თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი წუხელ საქართველოში დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ „ობიექტივის“ მაყურებელი, ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ.
ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ აპირებს წიგნის დაწერას –„ბელგიის საქმე“, სადაც ყველაფერი იქნება ასახული ამ ოპერაციის შესახებ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ვიდეოკადრების გამავრცელებლის უსაფრთხოებას, ინაშვილმა აღნიშნა, რომ მას იცავს ობიექტივის ადვოკატი, ამ დღეებში აპირებს საგანგებო ბრიფინგის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ყველა საინტერესო საკითხი.„ობიექტივის“ ოფისთან, რუსთაველის ძეგლთან დამხვდურთა წინაშე გამოსულმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ერთი ადამიანის კი არა, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება: „მე ვამაყობ იმით, რომ ქართველებმა შევასრულეთ ჩვენი ქართული მოვალეობა, ეს გამოვხატეთ არჩევნებზე, ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.“ მისი თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდეომასალა ინახება ბაჩო ახალაიას, მერაბიშვილისა და სააკაშვილის სეიფებში.
ინაშვილის განცხადებით, უნდა გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია „ყველა პატიმარი გარეთ!“, რადგან 90% უდანაშაულო პატიმარია და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. „პირველ რიგში, პოლიტიკური პატიმრები გარეთ, ხოლო პარლამენტიდან რომ გვეუბნებოდა სააკაშვილი – ყველანი ციხეშიო, ახლა მე ვეუბნები მათ – მივაღწევ იმას, რომ ისინი ყველანი ციხეში აღმოჩნდნენ!“, – აღნიშნა ინაშვილმა.
მისი თქმით, მათმა სტრატეგიამ გაამართლა: შედეგები სახეზეა – მოგებული არჩევნები! მაგრამ ბრძოლა არ დამთავრებულა – „პარლამენტი ბოლომდე უნდა განთავისუფლდეს ნაციონალური მოძრაობისგან“, – აღნიშნა შეკრებილთა წინაშე ირმა ინაშვილმა.