საზოგადოება
თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანია „მედია ჯორჯიამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იყიდა, ახლახან ბიზნესმენ გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა. ამის შესახებ ცნობას „media.ge“ ავრცელებს.
ბიზნესმენმა იყიდა „მედია ჯორჯიას“ კუთვნილი ტელეკომპანია „მზის“ 50%-პროცენტიანი წილიც.ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ყარამანიშვილი ლევან ყარამანიშვილის ნათესავი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია.
სამეწარმეო რეესტრის ცნობით, გიორგი ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ს 40%-იანი წილი – ნახევარ მლნ დოლარად, ხოლო „მზის“ 40%-იანი წილი 250.000 დოლარად შეიძინა.
ხსენებული წილი 5 დღის წინ კეზერაშვილის კომპანიას იმავე ფასად მიჰყიდა ლევან ყარამანიშვილმა.
ამჟამად ტელეკომპანიების – „მზისა“ და „რუსთავი 2“-ის – 50 პროცენტი კვლავ მის მფლობელობაშია, 40 პროცენტი – გიორგი ყარამანიშვილს, ხოლო 10 პროცენტი გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.