პუბლიკაციები
ქართული პრობლემების ამერიკული “მუხრუჭი”: უმუშევარს პლიუს უმუშევარი

 მოცემულ ეტაპზე რა გვაკლია რეგიონული და მომავალში, ეგებ, მსოფლიო მასშტაბით თვითდამკვიდრების თვალსაზრისით? უნდა დავიწყოთ იმით, რასაც უწინ “კომუნისტური თავმდაბლობა” ან “კომუნისტური უბრალოება” ერქვა. მეორის (უბრალოების) თვალსაზრისით, თითქოს ყველაფერი რიგზე გვაქვს: თანამდებობით პირველი პირი მისაწვდომია, გულკეთილია, გულისხმიერია. ყოველ შემთხვევაში, ამას ადასტურებს ახალი ამბების “ტელესერიალები” და რეპორტაჟები “ცხელი წერტილებიდან” - სხდომებიდან, რომლებიც მოლივლივე ზღვის ან სამშენებლო მოედნების ფონზე იმართება.

აი, თავმდაბლობის საკითხში კი გარღვევა გვაქვს - ძალიან უნდა, რომ იყოს პირველი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ინიციატივიანი და ეკონომიკურად შორსმჭვრეტელი. აი, ამ ყველაფრის გამო, მარტივად რომ ვთქვათ, მივდივართ ყალთაბანდობის, ზედმეტობისა და, რა თქმა უნდა, ოცნებებისა და ილუზიების გზით.

ამ დღეებში უავგუსტესის ბაგეებს მოსწყდა და “ოპრიჩნიკებმა” დაუყოვნებლივ გაავრცელეს პრეზიდენტის ახალი ახირება - “ჩვენ ჩრდილოკავკასიელ ძმებთან” კრემლის ვამპირების გვერდის ავლით უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.

დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, თანაც არა მარტო ჩვენთან და დსთ სივრცეში, არამედ, გარკვეულწილად, ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში, აღწერაც კი ძნელია!.. მთავარი ისაა, რომ უაღრესად საჭირო მომენტში დახმარების ხელი გავუწოდეთ მონობასა და ეკონომიკურ უპერსპექტივობაში მყოფ ჩვენს თითქმის თანამემამულეებს, თითქმის ძმებს, რომელთა ნაწილი დიდი სოჭის ოლიმპიურ რკალში ცხოვრობს. ამ უკანასკნელთან ჩვენს “დიდ მთავარს” რთული და არამეგობრული დამოკიდებულება აქვს. რა გამოდნება აქედან, ნუ ვიმარჩიელებთ. აი, დასახელებულ ძმებს კი ლამის მეგაფონით ვეპატიჟებით: ჩამოდითო ჩვენთან 90 უვიზო დღით, დატკბით ჩვენი, თქვენთვის წარმოუდგენელი, დემოკრატიის სტატისტიკური და საკონცერტო წარმატებების ხილვით.

“ურთიერთდაპირისპირებულ სამყაროთა” ბრძოლაში ჩვენი უმთავრესი კოზირი შემდეგია: დასავლეთის მიერ აღიარებული ჩვენი ჩრდილოვანი ეკონომიკის პირობებში შეგიძლიათ იმუშაოთ შეუმჩნევლად იატაკქვეშ ჩვენი “ბატონების” სასარგებლოდ, შედეგად კი ოჯახების დასახმარებლად ორასიოდ დოლარი წაიღოთ. ეს უკანასკნელი აშკარად ყურითაა მოთრეული და უფრო კეთილ სურვილს ან ორგანიზებულ “ჰეფი ენდს” ჰგავს. რადგან ქართული ლეგალური უმუშევრობა უფრო აქტიურია, ვიდრე ჩეჩნური, დაღესტნული ან ყაბარდო-ბალყარეთისა ერთად აღებული.

ასე რომ, ერთიანი “კავკასიური სახლის” მშენებლობის განმსაზღვრელი მოტივაციური საფუძველი ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენი უმუშევრები პლიუს “სხვების” დაბჩენილი პირები, ერთ ბედნიერ, თვითკმარ სახელმწიფოში ვერა და ვერ იცხოვრებენ.

ცნობისთვის: უცხოეთის საინფორმაციო წყაროების მიხედვით, კავკასიაში ყველაზე მცირე ხელფასი სომხეთში, ყველაზე მცირე პენსია კი საქართველოშია. ციფრებში ეს ასე გამოიხატება: რუსეთში საშუალო ხელფასი 490 აშშ დოლარია (15200 რუბლი); აზერბაიჯანში - 396 დოლარი (317,4 მანათი); საქართველოში - 318 აშშ დოლარი (572,7 ლარი).

პენსიებში აშკარა აუტსაიდერები კავკასიის სახელმწიფოთა შორის ჩვენ ვართ - საშუალოდ 48 აშშ დოლარი; სომხეთში - 60, აზერბაიჯანში - 110, რუსეთში 230 აშშ დოლარია.

გასაგებია, რომ ჩვენი მიმზიდველობა მოყვანილი ციფრების ფონზე ფრიად აბსტრაქტული ხასიათისაა. ამგვარივეა ოლიმპიური სოჭისადმი დამოკიდებულება, როცა ინტენსიურად ვმუშაობთ ჩერქეზების გენოციდის აღიარების კუთხით და განვახორციელებთ ამ საკითხთან დაკავშირებულ უამრავ ღონისძიებას: პრაქტიკულ კონფერენციებს “უმრწმეს ძმათა” მონაწილეობით, უშუალო კავშირებს ვაბამთ აფხაზებთან და ოსებთან და ა.შ. და ა.შ. ერთი სიტყვით, ხალხთა მეგობრობის საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების მიხედვით, ვარყევთ “კავკასიის ნავს” და ვუპირისპირდებით მეზობლის მხეცურ ტოტალიტარიზმს.

ჩაუფიქრდით ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკის მიერ ახლახან წარმოთქმულ სენტენციას კავკასიის სივრცის ამჟამინდელი დანაწილების მიუღებლობის შესახებ. “საქართველო დიდი ხნის განმავლობაში არაფრად აგდებდა უახლოეს მეზობლებს. გვავიწყდებოდა, რომ ვესაზღვრებით არა სლავურ რუსეთს, არამედ - ჩრდილოკავკასიელებს”, - ბანს აძლევს მას სხვა. გამოდის, რომ ახლა თბილისისათვის პრიორიტეტულია ურთიერთობა ჩეჩნებთან, ინგუშებთან და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებთან და არა “ჟანდარმულ რუსეთთან”.

არის ეს ტერიტორიების ახალი გადანაწილების წინამორბედი და საქართველოს რუსეთთან მორიგი დიდი კავკასიური ომის პრელუდია? ან, იქნებ, დავადექით “რევოლუციების” ექსპორტის დაფინანსების გზას “მოთარეშეთა მოძმე პარტიების” მონაწილეობით?

ქართული სახელმწიფოს უახლესი ისტორია საკმაოდ მდიდარია პრაქტიკული “ჩეგევარიზმის” მაგალითებით. ამ პროფილის მეკალმეების სახელები საკმაოდ ცნობილია ქვეყანაში.

არ დავიწყებთ მიკერძოებულ მტკიცებას, რომ ეს არის “ქართულ კეთილდღეობაში” სეპარატისტებისა და სხვა ახალი ფიგურანტების მოზიდვის პოლიტიკის გენერალური ხაზის გაგრძელება, რომელიც ჯო ბაიდენმა ან ჯონ მაკეინმა დაგვისახეს. სახეზეა სხვა, საქართველოს კავკასიური პოლიტიკის ფესვების უფრო საშიში გამოვლინება, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო და სხვა ინტერესების განხორციელებასთან ახალი წესრიგისა და ახალი მსოფლიოს მშენებლობის საკითხში.

ამ მიმართებით ჩვენი მცდელობა უშედეგო რჩება. ჩვენ, უეჭველია, გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ ეს დახმარება უნდა მოვიპოვოთ, თანაც არა დაუსრულებელი სიარულით საერთო კეთილდღეობის მირაჟებისკენ, რომლებიც არა და არ გვიახლოვდება. მხოლოდ დაავადებულ გონებაში, რომელსაც დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა, შეიძლება დაბადებულიყო აზრი, რომელიც სტუმრებთან შეხვედრის დროს გაჟღერდა, კერძოდ იმაზე, რომ უახლოეს ორ წელიწადში ცათამბჯენების რაოდენობით ბათუმი გაუსწრებს მოსკოვსაც და ვანკუვერსაც, მააშ!.. ავტორის დასახელება არცა ღირს, რადგან ისედაც ნათელია, ვის შეეძლო ამის წამოროშვა...

მსოფლიოს პატარა პროვოკატორი

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ “პროვოკატორი ბიჭის” როლში გამოვდივართ, რომელსაც “მაგარი ბიჭის” - რუსეთის გამღიზიანებელ ფაქტორად ყოფნის დავალება აქვს მიღებული. შეიძლება ავანტიურაშიც მოახერხონ ჩვენი ჩათრევა ევროპულ სახლთან და მრავალი პარამეტრით მასთან ახლო მდგომ საფრანგეთთან, ინგლისთან, იტალიასთან და ა.შ. მაპატიოს მკითხველმა პრეზიდენტის ლექსიკის უნებური გამეორება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გამართლებულია. რადგან გზადაგზა წარმოჩნდება ჩვენი უახლესი ისტორიისა და პოლიტიკის ფენომენი. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, ეფუძნება საკუთარ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების წარმოსახვით რეალობას და დიდ პოლიტიკაში მონაწილეობის განსაკუთრებულ პრიორიტეტს “მსოფლიო პროვოკატორის” მეორეხარისხოვანი როლის დონეზე.

მაგალითები საკმარისზე მეტია. ცალკეული მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების პირადი ინტერესები ბოლო წლებში სახელმწიფო სტრატეგიის სიმაღლემდე აღზევდა, რაც აბსოლუტურად არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. ნებისმიერი ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა აქტივი, რომელიც მიმდინარე ზეამოცანის განსახორციელებლად არის წარმოდგენილი, 85-90 პროცენტით ამერიკელი პატრონის იდეებზე მუშაობს და, “მთავარი არქიტექტორის” ჩანაფიქრით, მხოლოდ 10 პროცენტს უტოვებს საქართველოსა და ქართველ ხალხს მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მართვის სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა, რომელიც არ ითვალისწინებს ეროვნულ ფაქტორებს და გლობალიზაციის მიზნებზეა აქცენტირებული, საშუალებას არ აძლევს საქართველოს, დადგეს ფეხზე, გამოიყენოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობანი.

ამ თვალსაზრისით, აქტიური საგზაო მშენებლობა, “ამერიკული განსაკუთრებული საშტატო განრიგით” მიმდინარე მილიტარიზაცია, ქართველი მეომრების ავღანეთის მოთუხთუხე ქვაბში გაწვრთნა, მთელს ქვეყანაში პოლიციური აპარტამენტების აღმართვა, ძვირადღირებული ინსტიტუციონალური გარდაქმნები, ჰიპერბოლიზებული ტურიზმი და საკურორტო მშენებლობა, მოძრაობისთვის “კოკოითი ფანდარასტ!”, ტელეარხ “ალანიაზე” ტელეკეკლუცობისა და სხვა სისულელეების სოლიდური მატერიალური მხარდაჭერა, ბიუჯეტის დაუბალანსებლობის სერიოზულ ფაქტორებად წარმოგვიდგება.

ამასთან, საკმაოდ ეგოისტური და მიკერძოებულია ჩვენი საბანკო სექტორი, რომელიც, სადაც კი მოახერხებს, სათავისო პრივილეგიებს იქმნის. ეს “ქამრების მოჭერისა” და პენსიებისა და სხვადასხვა შემწეობათა სოციალური “ეკონომიკის” ფონზე ხდება... აქედან გამომდინარე და ბოლო ათწლეულის გამოცდილების გათვალისწინებით, შეიძლება ვილაპარაკოთ პერმანენტულ ანტისოციალურ პოლიტიკაზე “ზემოდან ქვემოთ”, რომელიც ჩვენთან ხორციელდება.

ის დროა, ვიკითხოთ: კარიერული ზრდის პერსპექტივაში რისი იმედი აქვს ჩვენს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა პრეზიდენტს, რომელიც არად აგდებს და გამონაკლისის გარეშე ამოძირკვავს ეროვნულ ინტერესებს? იგი დაუფარავად ახდენს იმ ქვეყნისა და ხალხის ამერიკანიზაციას, რომელსაც, მსოფლიოს მცირერიცხოვან ეთნოსებთან ერთად აქვს საკუთარი დამწერლობა და ათასწლოვანი ისტორია. სააკაშვილს განზრახული აქვს, უვიზო კავკასიაში ამერიკის ნაცვალი გახდეს, დაისაკუთროს რუსეთის მეფის ტახტი, როგორც იოსებ სტალინმა. ეს ან დახურული და პრივატული თემაა, ან ჩვეულებრივი ჩინოვნიკის სამუშაოა, რომელსაც შესაბამისი ანაზღურების საფასურად მონდომებით ასრულებს, მაგრამ ეს საქმე ადრე თუ გვიან მთავრდება და ყოფილი “ლიდერი” სიმამრის მეურნეობაში ჰოლანდიური ქათმების გამრავლებით დაასრულებს კარიერულ ზრდას...

საქართველოს ანაბარი მშიერ მილიარდში

სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა ახლახან გამოაქვეყნა შიმშილის გლობალური ინდექსი 2010 წლისთვის. მთელი კაცობრიობისთვის ამ სამარცხვინო მაჩვენებელში ქართულ სახელმწიფოს თავისი წვლილი შეაქვს. საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში სიტუაცია შედარებით ნორმალურია. საქართველოში კი უზბეკეთთან, თურქმენეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ნახევრად შიმშილის საშუალო დონეა შენარჩუნებული, ანუ მოქალაქე დღეში 1,8 ათასზე ნაკლებ კილოკალორიას მოიხმარს.

ბატონო სახელმწიფო და პარტიულო ფუნქციონერებო, ჩვენ ვართ მშივრებისა და ღატაკების აღიარებული ქვეყანა. დროა, უარი თქვათ ტელეაუდიტორიის წინაშე პრიმიტიულ თვითრეკლამაზე.

როგორ არ გავიხსენოთ ამასთან დაკავშირებით თვითკმაყოფილი განცხადებები, რომ ჩვენთან კორუფცია დამარცხებულია.

ამ დღეებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, კონტროლის პალატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად დააკავეს განათლების ყოფილი მინისტრის - გია ნოდიას მოადგილე. ეს ის ნოდიაა, რომელსაც არჩევნების პროცესში ეგზიტპოლების “მიუკერძოებლად” ჩატარებისთვის მინისტრის სავარძელი უბოძეს. მისმა მოადგილემ კი ბედოვლათი მინისტრის მმართველობის პერიოდში შექმნა პირობები მილიონ-ნახევარი ლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისა და მითვისებისთვის.

საკადრო სისტემა მოიკოჭლებს არა მხოლოდ ამ უწყებაში, არამედ ბუნების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სისტემებში.

მაგალითები სხვაც ბევრია.

ამათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება შეიძლება განიწმინდოს მხოლოდ სატელევიზიო ჭკუის დარიგების ხარჯზე, და კიდევ - ხელისუფლებასთან დაახლოებული ტელევიზიების სიუჟეტების ჩვენებით პრეზიდენტის სამაგალითო ცხოვრებიდან. ეს ყველაფერი ანტიმეცნიერული, პრიმიტიული მიდგომაა და რეალობის პრიმიტიულივე შეფასება.

დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ყველა მოწინავე საზოგადოებაში დანაშაულისა და სხვა ნეგატიური გადახრების შემცირებას, უწინარეს ყოვლისა, ახერხებენ სოციალური სფეროს გაუმჯობესებითა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებით. ვერ იქნება წელში გამართული ქვეყანა, რომლის მოქალაქენი არიან მშივრები და ღატაკნი... ჩვენი არნახული წარმატებებისა კი სჯერათ ან უაღრესად გულუბრყვილო ადამიანებს, ან იმათ, ვინც სპეციალური პოლიტიკური დავალებით არის ჩვენთან მოვლინებული.

და კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევის შესახებ. მასმედიის ცნობით, სულ ახლახან პარლამენტის ანტიკრიზისულმა საბჭომ განიხილა საქართველოში პურის დაბალი ხარისხის საკითხი. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაადასტურა, რომ ჩვენთან მართლაც დაბალი ხარისხის პურს აცხობენ და ეს პრობლემა მეპურეთა არაკვალიფიციურობას დაუკავშირა. საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც პარლამენტის ერთ-ერთი “შტატიანი” აქტივისტია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი უხარისხო პური არსად მსოფლიოში არ ცხვება. აი, ასეთი იყო საოქმო ლაპიდარული მიდგომა საკითხისადმი, რომელიც ეხებოდა პურს ჩვენი არსობისა.

ეს დარგი, მომხმარებელთა საერთო აზრით, დიდი ხანია, გამოირჩევა კორუფციის მეტასტაზებით და შემმოწმებელთა ორგანიზებული კეთილგანწყობით სრულად სარგებლობს. ამის თაობაზე კი არაფერი უთქვამთ აღნიშნული საბჭოს სხდომაზე. რატომ? იმიტომ, რომ კორუფციას მფართველობენ.

მხოლოდ უსწავლელი მეპურეები აფუჭებენ დარგის კეთილდღეობის საერთო ფონს.

გრცხვენოდეთ, ბატონო მეპურეებო, გრცხვენოდეთ!

საქინფორმი