სამართალი
თამაზ თამაზაშვილთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა

1-tamaz-samarTaaaa1თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 9 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაამტკიცა პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.თამაზაშვილი სასჯელს იხდის 2011 წლის 11 ოქტომბრიდან.

განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეების მიერ შეტანილ იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე.

სასამართლომ მსჯავრდებულს დაწვრილებით განუმარტა მისი უფლებები, შესაბამისად, სასამართლო დარწმუნდა, რომ დაცული იყო საპროცესო შეთანხმების დადების ყველა წინაპირობა, ამასთან, მხარეებმა (მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა და პროკურორმა) სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ შორის ნებაყოფლობით მოხდა შეთანხმება სასჯელზე.

უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თუმცა ადვოკატ ლილი გელაშვილის განცხადებით, თამაზაშვილთან საპროცესო შეთანხმება კლასიკური გაგებით არ გაფორმებულა. მისი თქმით, თამაზაშვილს ბრალი არ უღიარებია. უზენაეს სასამართლოში გამართულ გუშინდელ პროცესზე პროკურორმა მოულოდნელად სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სასჯელის ზომის 1 წლამდე შემცირების თაობაზე, რაზეც მოსამართლისგან თანხმობა მიიღო.

„დარწმუნებული ვარ, ეს დღევანდელი პოლიტიკური მოვლენების დამსახურებაა, პროკურორმა მოითხოვა სასჯელის ზომის 3 წელი და 6 თვიდან 1 წლამდე შემცირება, რომელიც 11 ოქტომბერს იწურება. ჩვენ ამ ყველაფერს იმის გამო დავთანმხდით, რომ ეს პრაქტიკულად გათავისუფლებას ნიშნავდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თამაზ თამაზაშვილს ბრალი არ უღიარებია“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

როგორც ლილი გელაშვილმა აღნიშნა, თამაზაშვილი გლდანის მერვე დაწესებულებას ერთი დღით ადრე – დღეს დატოვებს, რადგან პატრიარქისგან ყველა პატიმარს ერთი დღე აქვს ნაჩუქარი.