თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურიდან საქინფორმს ატყობინებენ, ევროკავშირი უზრუნველყოფს 23 მილიონ ევროს საქართველოში კონფლიქტის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.
გუშინ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ორი ახალი პროგრამის დაფინანსების თაობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.შეთანხმების თანახმად, 19 მილიონი ევრო გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, იმ პირობით, რომ საქართველოს მთავრობა 2015 წლამდე განახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: გრძელვადიანი დაბინავების უზრუნვეყოფა; დასაქმების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, უფრო გამჭვირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფის ჩათვლით. პროგრამა დიდ ყურადღებას გაამახვილებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხელშეწყობაზე და იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მიმღები ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
4 მილიონი ევრო უზრუნველყოფილი იქნება რიგი პროექტებისათვის აფხაზეთში, რომლებიც მოიცავს ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება და საარსებო წყაროების შექმნა სოფლის მოსახლეობისათვის.
ეს ორი პროგრამება დაემატება იმ 150 მილიონ ევროზე მეტ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა 2008 წლიდან მოყოლებული უზრუნველყო ბოლოდროინდელი (და წარსული) შეიარაღებული კონფლიქტების შედეგების შესამსუბუქებლად.