სამართალი
თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ სოციალური ქსელებითა და მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია ვანო ჩხარტიშვილისთვის მიტაცებული ქონების დაბრუნების შესახებ.
როგორც ვანო ჩხარტიშვილის პრესმდივანი გიორგი გიორგაძე საქინფორმს ატყობინებს, ვანო ჩხარტიშვილმა მართლაც დაიბრუნა ტელეკომპანია „გურია“.„ვადასტურებთ მასმედიით გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „გურია“ დაიბრუნა. ეს მოხდა ტელეკომპანია „გურიის“ დღემდე არსებული მესაკუთრის ინიციატივით“, – ამბობს გიორგი გიორგაძე.
განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ქვეყანაში დაწყებული წართმეული საკუთრების ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესის ფონზე ტელეკომპანია „გურიის“ პრეცედენტს მაგალითად აიღებენ ტელეკომპანია „მზის“ დღევანდელი მეპატრონეები და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით მიტაცებულ ტელეკომპანია „მზესაც“ ასევე ნებაყოფლობით დაუბრუნებენ მის კანონიერ მესაკუთრეს.
„მრავალგზის საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ტელეკომპანია „მზის“ დასაბრუნებლად ყველა კანონიერ ბერკეტს ბოლომდე გამოვიყენებთ და გავაგრძელებთ პროცესებს როგორც საერთაშორისო სასამართლოებში, ისე ქართულ სასამართლოებში, რომელთა ობიექტურობის იმედიც 1 ოქტომბრის მერე ყველას გაგვიჩნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.