აქტუალური
„სახალხო კრების“ განცხადება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით

1-saxalxo-aqtuu2თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. დღევანდელ პრესკონფერენციაზე „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს პოლიტპატიმრების განთავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ იმედი აქვთ, რომ ახალ პოლიტიკურ ვითარებაში ახალი ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს.

ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ნაწილი სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა განთავისუფლებაა. მისი თქმით, „სახალხო კრება“ „მოუთმენლად ელის ახალი მთავრობისა და პარლამენტის შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნილების დაბრუნების პროცესი“.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებული ყველა პოლიტიკური ორგანიზაციიდან პოლიტპატიმრების რიცხვი 119-ს შეადგენს, მათ შორის „სახალხო კრებიდან“ და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიებიდან 40 პოლიტპატიმარია.

მისი თქმით, მხოლოდ კანონით, და არა პოლიტიკური ანგარიშსწორებით, პოლიტიკური დაკვეთის ყველა შემსრულებელმა პასუხი უნდა აგოს.

„იმ ადამიანებმა, ვინც ცილი დასწამა თითოეული აქ მყოფის ოჯახის წევრს და ცრუ ჩვენება მისცა, ვინც არ გამოიძია წესიერად და პოლიტიკური შეკვეთა შეასრულა, იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც საქმეში არ ჩაიხედეს, ცრუმოწმეებმა, აუცილებლად, არა პოლიტიკური ანგარიშსწორებით, არამედ სამართლიანი სასამართლოს წესით, კანონის უზენაესობის მიხედვით უნდა აგონ პასუხი, რომ ვეღარ შეძლონ სხვა ადამიანების გაუბედურება“. და დასძენს, რომ მომავალში ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასათვის, რომ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება და უდანაშაულო ადამიანის დასჯა დაუსჯელი არასოდეს დარჩება.