სამართალი
არამიზნობრივად გაცემული პრემიები ბიუჯეტიდან

1-xazina-samarTali1თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იფლანგება. კერძოდ, თავდაცვისა და განათლების სამინისტროს ყველა თანამშრომელს გასული კვირის ბოლოს პრემიები გადაერიცხათ. ძალზე მაღალი პრემიები გაიცა მინისტრების გუნდის წევრებზე.

როგორც საქინფორმიც იტყობინებოდა, პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა საზოგადოება დაამშვიდა, რომ ეროვნულ ბანკში მყარი სავალუტო რეზერვები არსებობს და ფინანსების კუთხით ახალ ხელისუფლებას პრობლემები არ შეექმნება. ახალ ხელისუფლებას კი ჯერ კონტროლის მექანიზმი არ აქვს. თუმცა კოალიციის წევრ ნოდარ ხადურის განცხადებით, „სამინისტროებს თუ მხოლოდ პრემიები ჩაერიცხა, ეს ბიუჯეტს ვერ გააკოტრებს, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ბიუჯეტში რაღაც ისე არ არის, პასუხისმგებლობა მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას დაეკისრება“.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატ  დავით ონოფრიშვილის თქმით, თუ ეს ხარჯები გაწეულია ბიუჯეტის კანონის დარღვევით, ამაზე შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება.
მისივე განცხადებით, ხმები კოალიციამდეც მივიდა: „მოდის ხმები, რომ თავდაცვისა და განათლების სამინისტროებში გაიცა პრემიები, მაგრამ პრემიებსაც გააჩნია. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მინისტრებზე, მათ მოადგილეებსა და დეპარტამენტის ზოგიერთ უფროსზე კოლოსალური თანხებია გაცემული. ყველამ კარგად გაიგოს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტრომ და ხაზინამ, ასევე, იმ სამინისტროების ხელმძღვანელობამ, ვინც ამას აკეთებს, თუ ეს კანონს არ შეესაბამება, იქნებიან ძალიან მკაცრად დასჯილები კანონმდებლობის შესაბამისად“.
რაც შეეხება პრეზიდენტის ფონდს, მისი თანხების ხარჯვის კონტროლი ამ დღეებში სააკაშვილის ბრძანებულებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა. ეს უწყება კი შსს-ის დაქვემდებარებაში აღარ შედის.