თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
მინდა, გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული პროცესი. პირველად ამ რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად, დემოკრატიულ ფარგლებში გადაცემა. ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში – ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ერის არჩევანს. ქართველი ხალხი არის ქვეყნის ის უზენაესი მოქმედი პირი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს.ჩვენ ვისაუბრეთ და, რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავება ძალიან ბევრ პოლიტიკურ და ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით.
მაგრამ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე, როგორც პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ მთავრობის ფუნქციების გადასვლა მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მოხდეს ისე, როგორც არასდროს არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში – ქართველი ხალხის ინტერესების სრული გათვალისწინებით, პოლიტიკური პროცესების დემოკრატიის ფარგლებში შენარჩუნებით.
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია, მივაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდეს და ქვეყანას მიეცეს მისი განვითრების საშუალება და ქართველ ხალხს შეექმნას უკეთესი პერსპექტივები.
მე, როგორც პრეზიდენტი, და ჩვენ, ყველანი, ვიზრუნებთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები სრულად იყოს დაცული.
ეს იყო ის, რაც ყოველთვის მამოძრავებდა, ეს იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, მომავალ წლებში, ჩემი და თითოეული ჩემი თანამებრძოლის საქმიანობაში.
ამიტომ, ვფიქრობ, იმას, რაც მოხდა, ქართველი ხალხი თავისებურად შეაფასებს. იმას, რომ ყველაფერი დაინახო და გააანალიზო, სჭირდება დრო, მაგრამ ახლა ყველა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე.
ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ, პრაქტიკულად, უმეტეს საკითხებზე ფუნდამეტური განსხვავება და აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ ამ პროცესის სამართლებლივად, კონსტიტუციურად, სწორ ჩარჩოებში წარმართვას.
ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რასაც დღეს ყველამ ხაზი უნდა გავუსვათ.
მინდა ჩვენს ხალხს ვუსურვო წარმატება.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება მომავალი და ჩვენც ვაპირებთ, ვიყოთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პოლიტიკოსები.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი:
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გახლდათ გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შემოვიტანეთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში.
ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცედენტი საქართველოში პირველად დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისა, ეს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად მოიხსენიება.
ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით, სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და გაგრძელება მისი.
ჩვენ ჩვენს ოპონენტებს, ვაცხადებდით და ვაცხადებთ დღესაც – მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა.
აი, ეს გახლდათ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზიც.
ჩვენ საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე, გვქონდა შეხედულებებზე და ა.შ. იქ თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ორივე მხარეს გაცხადებული გვქონდა, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე აუცილებლად ჩვენი სტრატეგიაა, გაგრძელება იქნება ძველი ხელისუფლების, ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისაკენ და საქართველო აუცილებლად მოახერხებს უახლოეს დროში, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.
აი, დაახლოებით, ასეთი ტიპის საუბარი გვქონდა.
კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა.
თვითონ სააკაშვილმა მოახერხა ის განცხადება, რაც მე შევუქე, გააკეთა არჩევნების პროცესში და არჩევნების ბოლოს.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ვართ კულტურული ერი.
ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ჩვენ ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით.
დიდი მადლობა!