საზოგადოება
გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტები საზღვარგარეთ

1-vaSaZe-sazoooo3თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით,  7 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი შედგა ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩეხ კოლეგა კარელ შვარცენბერგთან და სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე. აღინიშნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალი დონე და მისი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი, ამასთან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ამ პროცესის შეუქცევადობისადმი.

8 ოქტომბერს კი ავსტრიის რესპუბლიკაში გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ მიხაელ შპინდელეგერთან. შეხვედრაზე საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხაზი გაესვა მისი ჩატარების დემოკრატიულობის მაღალ ხარისხს.

საქართველო-ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში პარტნიორობამ თვისობრივად ახალი ხასიათი შეიძინა და გამოითქვა იმედი, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.