სამართალი
„ქართული ოცნების“ სარჩელები არ დაკმაყოფილდა

1-gayalb-samarTali2თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  „ქართული ოცნების“ სარჩელი 67-ე ოლქის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლის განხილვა 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, არ დააკმაყოფილა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ისინი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზვიად კუკავას თქმით კი, კოალიციის წარმომადგენლებს საკმარისად მყარი არგუმენტები არ ჰქონდათ და სასამართლომაც ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. „გასაგებია, რომ ირაკლი ალასანიამ წააგო ზუგდიდში არჩევნები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყო იმის ვაჟკაცობა და პოლიტიკური მზაობა, რომ ეღიარებინა ზოგადად დამარცხება ამ არჩევნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონ ალასანიას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, რომ აღიაროს საკუთარი დამარცხება“, – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, კოალიციის წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მათ სასამართლოს ყველა არგუმენტი წარუდგინეს შედეგების გასაბათილებლად, თუმცა  სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი გადაწყვეტილება მიეღო.

4 საათის განმავლობაში განიხილებოდა „ქართული ოცნების“ სარჩელი გურჯაანის სასამართლოშიც, სადაც მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა იგი მტკიცებულებების არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა.

არ დაკმაყოფილდა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით ქევხიშვილს სარჩელიც, რომელიც ყვარლის 5 უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. ქევხიშვილის განცხადებით, საჩივარს სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნიან.

„ქართული ოცნების“ სარჩელი დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოშიც არ დაკმაყოფილდა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლექსო თამაზაშვილი 10 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდა. კოალიციის წევრები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.