პოლიტიკა
თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც მთავრობის კანცელარიაში ხელისუფლების გადაბარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფების შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ გახდა ცნობილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალარჩეული სამუშაო ჯგუფები დღეიდან იწყებენ საკონტროლო კომუნიკაციებს სახელმწიფო უწყებებში.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, გაცნობითი ჯგუფის წევრებს არ ექნებათ არანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება, მათი მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებში მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს, მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე კი დღეს არსებული ხელისუფლება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ჩვენი წარმომადგენლები არ ჩაერევიან არანაირი გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი შეისწავლიან მიმდინარე ვითარებას თითოეულ სამინისტროსა და უწყებაში, გაეცნობიან კადრებს, საბიუჯეტო საკითხებს და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეს ხალხი იქნება ამ სამინისტროებში ჩვენს წარმომადგენლებად“.მისი თქმით, ახალმა მთავრობამ მოვალეობის შესრულების დაწყებამდე უნდა იცოდეს, რა პრობლემებთან მოუწევთ გამკლვავება უწყებაში და ეს არანაირად არ გულისხმობს დღეიდან ვინმეს ჩანაცვლებას.
ხელისუფლების წარმომადგენელი გიგია ბოკერია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების გადაბარების პროცესს. მისი თქმით, „ეს არის, უბრალოდ, ცივილიზებული ფორმა ერთი მთავრობის მიერ, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას, მოახდინოს ახალი მთავრობის ინფორმირება... აქტიური თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება, რათა გადაბარების პროცესი სრულად მოექცეს კონსტიტუციის ფარგლებში“.