პოლიტიკა
სამინისტროებში ცვლილებები დაიწყება

1-mTavroba-polii2თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატები თავიანთ უწყებებში რეორგანიზაციებს გეგმავენ. შს მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების რეორგანიზება მოხდეს. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამინისტროს გადაბარების დეტალების მოგვარება ევალება, უწყებაში, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში შევა.

რეორგანიზაციაზე საუბრობს გენერალური პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილიც. მისი თქმით, ყველა მაღალი თანამდებობის პირი პოსტს დატოვებს. კბილაშვილი  იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებიდან პროკურატურის გამოყვანას გეგმავს და ამ ინიციატივით იგი ახალ პარლამენტს შეკრების შემდეგ მიმართავს.

„ვფიქრობთ, რომ ინსტიტუციონალური ცვლილება განიცადოს მთავარმა პროკურატურამ. დღეს ის არის იუსტიციის მინისტრს დაქვემდებარებული ორგანო და ექვემდებარება როგორც მინისტრთა კაბინეტს, ისე პრეზიდენტს. ეს დაუშვებელია, რადგან პროკურატურამ უნდა შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ფუნქციები“, – განმარტა მან.

ძალოვანი მინისტრების გარდა, გადაბარების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სხვა მინისტრობის კანდიდატებიც. „ქართული ოცნების“ წევრი მაია ფანჯიკიძე საგარეო პრიორიტეტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნისათვის მთავარ საკითხად კვლავ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება რჩება. მისივე განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აქტიურად იმუშავებს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთანაც, ურთიერთობების მოწესრიგებაზე.

დაკარგული ტერიტორიების დეოკუპაციაზე საკუთარი მოსაზრება აქვს რეინტეგრაციის საკითხების მინისტრობის კანდიდატ პაატა ზაქარეიშვილს, რომლის განცხადებითაც, უნდა მოხდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარეებად ცნობა და თავიდან დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანის თქმით, ისინი მუშაობას რეალურად უკვე დაიწყებენ, წულუკიანის მოადგილე კი, სავარაუდოდ, დავით ჯანდიერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის უცნობია იმ 6 მინისტრის ვინაობა, რომელთა სავარაუდო კანდიდატებსაც ახალი ხელისუფლება უახლოეს დღეებში დაასახელებს.