საზოგადოება
უფლებამოსილებათა დელეგირება არ მოხდება

1-Sexvedra-08-12თბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ წუთებში დასრულდა მოქმედი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეხვედრა. ორივე მხარემ მედიისთვის განცხადებები გააკეთა.

დავით უსუფაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება. ჯერჯერობით კი საუბარია სამინისტროთა მუშაობის გაცნობაზე და არა მინისტრების ან მათი მოადგილეების ჩანაცვლებასა და სამთავრობო სტრუქტურების მუშაობაში ჩარევაზე. „დღეს არსებული ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე მანამ, სანამ არ მოხდება მათი ჩანაცვლება“, – აღნიშნა უსუფაშვილმა და განმარტა, რომ არავითარი განსაკუთრებული თემა შეხვედრაზე არ წამოჭრილა. ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ საკონსულტაციო ჯგუფს მინისტრთა კანდიდატების სია გადასცა.

უსუფაშვილის თქმით,  მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უახლოეს ხანებში შედგება. თუმცა, „ქართული ოცნების“ ლიდერის ამასწინანდელი განცხადებით, ეს შეხვედრა ხვალაა მოსალოდნელი.

შეხვედრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ შეხვედრამ, წინამორბედივით, კონსტრუქციულ და პოზიტიურ ვითარებაში  ჩაიარა და იქვე განმარტა, რომ ხელისუფლების გადაბარების კონსტიტუციური პროცესი გრძელდება, თუმცა, „არავინ არსად არ დაჯდება, როგორც წარმომადგენელი“, და უფლებამოსილების დელეგირება მოქმედ ხელისუფლებასა და კოალიციის მიერ წამოყენებულ კანდიდატურებს შორის არ მოხდება. ეს იქნება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა და სამუშაო ვითარების გაცნობა. „დღეს არსებული მთავრობა გააგრძელებს მთავრობის ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე მუშაობას და არავითარი შერეული ხელმძღვანელობა არ იარსებებს“.

პავლე კუბლაშვილის თქმით, შეხვედრის შემდგომი რაუნდი შესაძლოა, კვირის ბოლოს გაიმართოს, ხოლო მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უახლოეს ხანებშია მოსალოდნელი.