„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, როცა „ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარების აბსოლუტურად მშვიდი და დემოკრატიული პროცესი, ასეთ დროს ცალკეულ ადგილებში ცალკეული პირების მიერ ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა შეუსაბამოა იმ პრინციპებთან, რაც ჩვენ, როგორც ქართველ საზოგადოებას, და, განსაკუთრებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, გვინდა, რომ იყოს“. ჭიაბერაშვილმა ჩამოთვალა იმ ადამიანთა ვინაობა, ვისაც, მისი განმარტებით, ემუქრებიან და აშინებენ: გია მელიქიშვილი, თემურ ბუტაშვილი, ალექსანდრე იმერლიშვილი, გოგიტა და ზურა შავკაციშვილები. მან დაასახელა ის პიროვნებაც, ვინც სატელეფონო მუქარას ახორციელებს: ჯონი ოსიაშვილი.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებისთვის ცნობილია ამ ადამიანის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ისინი შესაბამის ორგანოებს მიაწვდიან.
„მუქარა უნდა შეწყდეს და ქვეყანა უნდა ჩადგეს მშვიდობიან კალაპოტში“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.