თბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ფუნქციების გადაბარება გადაწყდება დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე. მისი თქმით, იგი, პირველ რიგში, აპირებს ყველა თანამშრომლის გაცნობას, ყველა ხელმძღვანელ პირთან შეხვედრას.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სამინისტროში პროფესიონალები მუშაობენ, მათგან კი შერჩევა მოხდება ორი კრიტერიუმით – ბოლო წლებში არ უნდა ჰქონდეს უსამართლო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიღებული და ბოლო დღეებში, არჩევნების შემდეგ, არ იყოს სახელმწიფო საბოტაჟით დაკავებული.ამ თვალსაზრისით, თეა წულუკიანმა ისაუბრა იმ საგანგაშო ინფორმაციების შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროში, როგორც სხვა უწყებებში, ნადგურდება მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. „მე მინდა, მათ მივმართო, და ვთხოვო – შეწყვიტონ ის უკანონო ქმედებები, რასაც ჰქვია სახელმწიფოებრივი დოკუმენტაციის კვალის გაქრობა. სახელმწიფოს სჭირდება სახელმწიფოებრივი მახსოვრობა“.
წულუკიანი მიმართავს პროკურორებს, იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომ მათთვის ამ წუთიდან მთავარი გახდეს კანონი და სამართლიანობა.
მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო დავალება, ხელი შეუწყოს იმ კონცეფციის ჩამოყალიბებას, რასაც ჰქვია საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი სამართლებრივი სისტემის შექმნა, რომ მოქალაქეებში აღდგეს სამართლიანობა: „ყველამ დაიბრუნოს ის, რაც დაკარგა – იქნება ეს თავისუფლება, დარღვეული უფლებები თუ სხვა, და შევქმნათ ის სისტემა, მათ შორის, სასამართლო, რომელიც გაუჩენს მოქალაქეს სამართლიანობის განცდას“.