აქტუალური
პოლიტიკური კოალიცა „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება

1-ocneba-aqtuu2თბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, კოალიციის ლიდერი განცხადებას ავრცელებს 2012 წლის 11-12 ოქტომბერს კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჟენევის მორიგი შეხვედრის შესახებ.

„კოალიცია „ქართული ოცნება“ სრულიად უჭერს მხარს ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანათავმჯდომარეობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.

საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ შეხვედრებში და კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ ჟენევის ფორმატის ყველა მონაწილესთან საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კოალიცია მზადყოფნას გამოთქვამს გარდამავალ ეტაპზე ჟენევის შეხვედრებში მონაწილე საქართველოს დელეგაციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა ახალი მთავრობის მიერ დანიშნული წარმომადგენლებისათვის მოვალეობათა გადმოცემა მოხდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, წინასწარი კონსულტაციების აუცილებლობის გათვალისწინებით.

კოალიცია ხაზს უსვამს რა ევროკავშირის სადამკვირვებლო (მონიტორინგის) მისიის პოზიტიურ როლს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში, სრულ მზადყოფნას აცხადებს მასთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის.