თბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დეტალურად განიხილეს სახელმწიფო ხაზინაში არსებული ვითარება და ანგარიშზე არსებული თანხის მდგომარეობა. ხეთაგურის განცხადებით, ხაზინაში არსებული მონაცემი ყველაზე მაღალია ბოლო წლების განმავლობაში და ის 2 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს. მისი თქმით, წლიური ინფლაცია ნულის ტოლია და მისი ზრდა უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი.
ვანო მერაბიშვილმა უარყო საზოგადოებაში გავცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ხაზინაში ფული არ არის და საქართველოს არ გააჩნია არავითარი რეზერვები.„ამიტომ გადავწყვიტე, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა რეზერვები გააჩნია საქართველოს ხაზინას, ბიუჯეტს, როგორ იყო დაგეგმილი 2013 წლის ბიუჯეტი“, – განაცხადა პრემიერმა.
ხეთაგურის განმარტებით, სახელმწიფო ანგარიშებზე არსებული თანხის მოცულობა ჯამში 2 მლრდ ლარს აღემატება. მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშებზე 200 მლნ ლარია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე – 320 მლნ, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე – 720 მლნ ლარზე მეტი.
ხეთაგურის თქმით, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები „უპრეცედენტოდ მაღალია და ჯამში შეადგენს 2 მლრდ 900 მლნ ამერიკულ დოლარს“.
მისივე განმარტებით, 2012 წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა იგეგმებოდა 500 მლნ ლარით და ეს ციფრები ასახულია ბიუჯეტის პროექტში. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, რომელიც ამ დროისთვის 20 პროცენტს შეადგენს, მცირდებოდა 18 პროცენტამდე. ბიუჯეტი, ასევე, ითვალისწინებდა სოციალური პროგრამების ზრდას 450 მლნ ლარით. მათ შორის იყო საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე ზრდა,1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგება ყველა ოჯახზე, ასევე, 1000-ლარიანი დახმარება ყველა ოჯახში ახალშეძენილ მესამე შვილზე. ჯანდაცვის პროგრამები იზრდებოდა 450 მლნ ლარით, რის მეშვეობითაც 2013 წელს უნდა დაზღვეულიყო 3 მლნ ადამიანი.
ფინანსთა მინისტრის ანგარიშგებით, განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 640 მლნ ლარი, რაც ითვალისწინებდა მასწავლებლის საშუალო ხელფასისი ზრდას 600 ლარამდე, სკოლების მშენებლობას, მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოებითა და ნეთბუქებით უზრუნველყოფას. ასევე, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა. უნდა შეძენილიყო 2000-ზე მეტი ტრაქტორი და დანერგილიყო თამედროვე ტექოლოგიები.
პრემიერ-მინისტრის შეჯამებით, „საქართველოს ხაზინას არასოდეს ჰქონია ამდენი რეზერვი თავისი ისტორიის მანძილზე და ეს რესურსები საკმარისია იმისათვის, რომ ახალმა მთავრობამ ქართველი ხალხისთვის საარჩევნოდ მიცემული დაპირებები შეასრულოს“. უკვე ოპოზიციაში მყოფი ამჟამად მოქმედი ხელისუფლება კი „მაქსიმალურად მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ ყველა დაპირება იყოს შესრულებული“, – განაცხადა მერაბიშვილმა.