საქართველოს პრეზიდენტი: „მინდა, რომ ეს აღმშენებლობა გაგრძელდეს“
თბილისი, 8 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი თბილისობის დღესასწაულს დაესწრო. იგი „თბილისობა 2012“-ის სტუმრებს შეხვდა და დღესასწაული პირადად მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი აბანოთუბანს ესტუმრა და რეაბილიტირებული ლეღვთახევი დაათვალიერა. მან აღნიშნა, რომ არჩევნებამდე მთავრობას უნდა მოესწრო იმ ყველაფრის გაკეთება, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. „სამუშაოები 24-საათიანი გრაფიკით მიმდინარეობდა. ახლა, სანამ მოხდება მთავრობის გადაბარება, ყველა ჩვენი ადგილობრივი გამგეობა, ყველა ჩვენი გუბერნატორი დღედაღამ მუშაობს იმაზე, რომ დაწყებული პროექტები ბოლომდე იქნეს მიყვანილი. მინდა, რომ ეს აღმშენებლობა გაგრძელდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ლეღვთახევის ხეობა არის ნამდვილი თბილისური სასწაული. თბილისის მერია აგრძელებს მუშაობას, მაგრამ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთი წუთით არ უნდა დააგდოს აღმშენებლობის ტემპი და ბევრად მეტი გააკეთოს, რადგან „ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული საქმე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.