შეგახსენეთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2008 წელს მიიღო, მოგვიანებით კი მასში ცვლილებები შეიტანა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით. კანონი ოკუპირებული ტერიტორიებზე თავისუფალ გადაადგილებასა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას აწესებს საქართველოს ხელისუფლების გარეშე. ოკუპირებული ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევიან და მოსახლეობას საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნადი საგნებით ამარაგებენ.
ვოლსკის განცხადებას სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
გიორგი ვოლსკი აზუსტებს, რომ უნდა შერბილდეს ურთიერთობების რეჟიმი, კონტაქტის რაც შეიძლება მეტი საშუალება მიეცეთ ქართველებსაც და ოსებსაც, განსაკუთრებით, დროებითი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს.
ამ საკითხზე კომენტარს აკეთებს სოზარ სუბარიც: „რაც დაკარგა სააკაშვილმა, უნდა დავაბრუნოთ ჩვენ. ეს არის ჩვენი პოზიცია, ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.“
აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ასპარეზზე უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი განცხადებაა, რომ უნდათ ამ კანონის შერბილება უკეთეს შემთხვევაში, ან საერთოდ გაუქმება. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი გაცხადებული პოლიტიკური მიზანია, რომ კონტროლი არ იყოს ამ ტერიტორიაზე, თუნდაც სამართლებრივი.“
რაც შეეხება მოლოდინებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე კეთდება პროგნოზები მოსკოვში. ექსპერტები და პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება ქვეყნებს შორის, მაგრამ ეს არ იქნება საქართველოსთვის მომგებიანი.
აქვე შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები ქონების დაბრუნებას ითხოვენ, კერძოდ, ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ შალვა შავგულიძის განცხადებით, ასლან აბაშიძემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართა. მამალაძის თაობაზე სააგენტო „გლობალ ნიუსს“ მამალაძის ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მამალაძის საქმემ საქართველოში სამივე ინსტანცია გაიარა და ქონების დაბრუნებაზე, ბუნებრივია, პრეტენზიები ექნება.
შეგახსენებთ, რომ ორივე პრეტენდენტი წითელი ცირკულარით იძებნება.