თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. კანცელარიაში დასრულდა მოქმედი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მონაწილეებმაც მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
კოალიციის წარმომადგენელ დავით უსუფაშვილის განცხადებით, 8 ოქტომბრიდან „ქართული ოცნება“ სახელმწიფო უწყებებში საკუთარ წარმომადგენლებს მიავლენს იქ არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, რადგან, მისივე თქმით, აუცილებელია, კოალიციის წარმომადგენლები თანდათან გაეცნონ სამინისტროებისა და სხვა უწყებების მუშაობის სპეციფიკას. „ჩვენ, ასევე, ჩავერთვებით ჟენევის მოლაპარაკებებში და წარმომადგენელს მივავლენთ ყველა სტრუქტურაში, მათ შორის, ძალოვან უწყებაში“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის შედეგებით და მას კონსტრუქციული უწოდა.
მისი შეფასებით, „ორივე მხარე ძალიან კარგად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე“ და სურს, რომ ხელისუფლების გადაცემა სტაბილურ და მშვიდ ვითარებაში მოხდეს.
ამასთან, დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასაც, რადგან „კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარე პროცესი გულისხმობს გარკვეული სახის თანამშრომლობას პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის“.
უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას შეფასებით, შეხვედრამ საქმიან ატმოსფროში ჩაიარა და მონაწილეები ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხნენ. მისი განმარტებით, პროცესი უთუოდ გაგრძელდება იმისათვის, რომ „ყველაფერი კონსტიტუციურად და მშვიდობიანად დასრულდეს“.
შეხვედრის შედეგებზე მედიას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანიაც ესაუბრა და განაცხადა, რომ პრინციპული შეთანხმება უმთავრეს საკითხებზე შედგა, რის შემდეგაც პროცესი გაგრძელდება და ახალი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის მოემზადება.
მხარეების მორიგი შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართება.