სამართალი
თარგამაძე: „კმაყოფილი ვართ იმ შედეგით, რომელიც მთლიანობაში მიიღო მთელმა ქვეყანამ“

1-Targama-samarTaaa1თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მოსახლეობამ არჩევანი შოკურ მდგომარეობაში გააკეთა და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მინიმალური ზღვარი სწორედ ამიტომ ვერ გადალახეს.

თუმცა „ჩვენ, „ქრისტიან-დემოკრატები“, კმაყოფილი ვართ იმ შედეგით, რომელიც მთლიანობაში მიიღო მთელმა ქვეყანამ“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ და აღნიშნა, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული არჩევნების გზით მოხერხდა. „ჩვენ მივულოცეთ „ქართულ ოცნებას“ წარმატება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი და ბოლო პრეცედენტი, როდესაც საქართველოში დემოკრატიული გზით არჩევნების გზით იცვლება ხელისუფლება“, – დასძინა მან.

თარგამაძის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ განაგრძობენ მუშაობას და მომავალი არჩევნებისთვის მზადებას, რადგან „პოლიტიკური პროცესი ამით არ მთავრდება, პირიქით, იწყება რეალური დემოკრატიული პროცესი, იხსნება ახალი შეჯიბრება პოლიტიკურ პარტიებს შორის და ამ პროცესში ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან თავდაჯერებულად“.