პოლიტიკა
პრეზიდენტი ევროკავშირისა და დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

1-saak-politika1თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნები იყო. ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელ ფილიპ ლეფორისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჯეი ტიშკევიჩის შეფასებით, არჩევნები, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესი, წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ კურსს ინარჩუნებს.

როგორც ევროპელმა დიპლომატებმა საუბრისას აღინიშნეს, 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შეძლო თავისუფალი აზრის გამოხატვა და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთგულია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მიმართ.

შეხვედრისას ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადეს, რომ ხმის დათვლის პროცესიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე ვითარებაში უნდა წარიმართოს და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუშაობა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისა და ექსცესების გარეშე უნდა შეძლოს. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გარდამავალმა პერიოდმა კონსტიტუციისა და კანონიერების სრული დაცვით ჩაიაროს და კვლავაც გაგრძელდეს ევროპული ინტეგრაციის კურსი.

ქართული მხრიდან შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე ესწრებოდა.