თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „ფორბსთან“ ინტერვიუში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უახლოეს გეგმებზე, მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობასა და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, მას ყველაზე მეტად მოეწონა პრეზიდენტის განცხადება, რომ იგი არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას. ივანიშვილის შეფასებით, ეს განსხვავება მართლაც თვალსაჩინოა.„ჩვენ გვსურს რეალური და არა ფასადური დემოკრატია, შესაბამისად, ჩვენი მოქმედებები სააკაშვილის მმართველობისგან განსხვავებული იქნება“, – აღნიშნა მილიარდერმა და იქვე განმარტა, რომ ახალი ხელისუფლება შეეცდება პრეზიდენტთან თანამშრომლობას, თუკი თავად სააკაშვილი ამას შეძლებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას საარჩევნო ციკლით გათვალისწინებული ვადის ნაცვლად მხოლოდ 2 წელი, კოალიციის ლიდერმა მიუგო, რომ 2 წელი სავსებით საკმარისია კონსტიტუციის წესრიგში მოსაყვანად, იმ კანონების შესაცვლელად, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მიმართულებასა და რეალურ სტრატეგიას, სასამართლოსა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, პოლიტიკისგან პოლიციისა და პროკურატურის გათავისუფლებას და ა. შ.
ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებისგან ძალზე უხეირო მემკვიდრეობა მიიღო, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
„მათ ციფრები „გამოჰყავთ“, რეალობა კი სულ სხვაგვარია. ძალიან ძნელი იქნება წლევანდელი ბიუჯეტის შევსება, ის ხომ შარშანაც, ძირითადად, გრანტებითა და კრედიტებით სულდგმულობდა“, – განაცხადა მან.
ამავე დროს, კოალიციის ლიდერს მიაჩნია, რომ უმეტესობა ეკონომიკური კანონებისა ნორმალურია, უბრალოდ, მათ არავინ იცავს, ხოლო რაც შეეხება ისეთ ანეგდოტურ პროექტებს, როგორიცაა ქალაქი ლაზიკა, ტანკი „ლაზიკა“, ჯავშანტრანსპორტიორი „ლაზიკა“, მათზე სერიოზულად, ცხადია, არავინ იფიქრებს.
ახალი ხელისუფლების სავარაუდო პრემიერი ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობას და ყველაზე რთული საკითხის გადაჭრას – რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებასაც აპირებს.
„მესმის, რომ ამ საკითხში ბევრი კითხვაა და ხშირად ისმის, რომ ნატო და რუსეთი შეუთავსებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ შეხების წერტილებს მაინც გამოვნახავთ და დავამტკიცებთ, რომ ეს შეუძლებელი სულაც არაა... პირადად პუტინსა და მედვედევს არასოდეს შევხვედრივარ, თუმცა ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები დამყარდეს“, – ირწმუნება ივანიშვილი, რომელიც, თავის მხრივ, მოხარული იქნება, ხელი შეუწყოს რუსული, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი, ინვესტიციების საქართველოში დაბანდებას და მზადაა, ამ საქმეს საკუთარი კაპიტალი მოახმაროს.
ინტერვიუში კოალიციის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი გააკეთა ამჟამად არსებული შედეგის მისაღწევად.
„ერი კომაში იყო, პოლიტიკური პროცესი შეწყდა. წინ 30-წლიანი უკუნეთი გველოდა, ყველაფერი დაითრგუნა. ვისთვისაც ნათელია ის რეალობა, რომელიც საქართველოში სუფევდა, მიხვდება, რომ მე თითქმის შეუძლებელი შევძელი!“ – დასძინა ივანიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ მისი მთავარი მამოძრავებელ ძალა და პარტნიორი ქართველი ხალხი იყო, რომლის გამოღვიძებაც სიყვარულითა და გულწრფელობით შეძლო.
„დაპირებების გაცემაში ძუნწი ვარ, თუმცა, თუ დაპირება გავეცი, სიტყვასაც შევასრულებ. იმაზე მეტსაც გავაკეთებ, რასაც ხალხს შევპირდი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.