აქტუალური
თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართული ბიზნესი ჯერ არ არის მზად იმისათვის, რომ მოახდინოს ქართული პროდუქციის ექსპორტი ამერიკულ ან ევროპულ ბაზრებზე, ამიტომ თავიდან უფრო კარგი და საინტერესო იქნება, დავბრუნდეთ უფრო ნაცნობ რუსულ ბაზარზე, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა არგუმენტად ისიც მოიშველია, რომ ქართველი ბიზნესმენები უკეთ იცნობენ რუსულ ბაზარს. თუმცა, მთავარ პრობლემად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოში არ არსებობს ძლიერი ადგილობრივი წარმოება. „ბაზარი უმნიშვნელოვანესია ბიზნესში, თუმცა ეს უნდა იყოს ბაზარი უნიკალური პროდუქციისთვის. ვფიქრობ, ურთიერთობის ნორმალიზაცია რუსეთთან არ იქნება იოლი და ამას დიდი დრო დასჭირდება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების კუთხით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობები რუსეთთან“, – აღნიშნა ივანიშვილმა და იქვე განმარტა, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს მიმართ სტრატეგიას არ შეცვლის.