აქტუალური
ალასანია: „ამომრჩეველს დავპირდი, რომ ახალაიასა და მის ბანდას ხმებს არ მოვაპარვინებდი“

1-alasa-aqtuu2თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, იგი დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ არცერთ ხმას როლანდ ახალაიასა და მის ბანდას არ მოაპარვინებდა. „მე ამ დაპირებას შევასრულებ! ჩვენ დავპირდით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გადავიყვანდით უმცირესობაში“, – აღნიშნა მან.

ირაკლი ალასანია და მისი გუნდი თვლიან, რომ სამეგრელოს მთელ რიგ უბნებში  საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა, რის გამოც მათ საოლქო კომისიაში სათანადო დოკუმენტაციის დართვით საჩივარი შეიტანეს.

„ეს ფაქტები საჭიროებს სწრაფ რეაგირებას, დრო ძალიამ მცირეა. საჩივარს ერთვის მტკიცებულებები როგორც ვიდეომასალის, ისე წარმოდგენილია სხვადასხვა დოკუმენტების სახით. თხოვნა იქნება, კომისიამ გულდასმით განიხილოს თითოეული მტკიცებულება, შეაჯეროს. არ შეიძლება გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ნაჩქარევად. ჩვენი მოთხოვნაა, კენჭისყრის შედეგები გაბათილდეს მთლიანად ოლქში. შესაბამისად, ეს მოთხოვნა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ყველა საჭირო დოკუმენტაცია თან ახლავს. იმედი გვაქვს, კომისია გულდასმით განიხილავს ჩვენს საქმეს და მიიღებს ობიექტურ სამართლიან გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავენ ირაკლი ალასანიას გუნდში.